რაგბი

13:12 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "პორტუგალიისგან ყველაფერს ველით"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ავსტრალიასთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობენ, მაგრამ კონცენტრირებული პორტუგალიასთან მატჩზე არიან.

„გუნდი 3 დღე დავასვენეთ, დავბრუნდით ლა როშელში, რეაბილიტაცია გაიარეს. მეორე ვარჯიში გვქონდა, დღეს ტემპი გავზარდეთ. რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე გვყავს, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, თუმცა გუნდი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. პროცესი კარგად მიდის, სამწუხაროა, რომ პირველი მატჩში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ამაზე ანალიზი გავაკეთეთ. ის შეცდომები რაც დავუშვით გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს უკვე წარსულია და კონცენტრირებული ვართ მომდევნო მეტოქეზე.

პორტუგალიისგან ველით ყველაფერს, ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩვენს წინააღმდეგ თუ რაიმეს მიღწევა უნდათ. რაგბი ევროპის ფინალში ეს სცადეს, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი სულ სხვაა. მთავარი ისაა, რომ ეს გუნდი აქ ჩვენთვის ემზადება და ჩვენ გვიმიზნებს. ყველაფერს გავაანალიზებთ, ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ და ბოლომდე კონცენტრირებულები ვართ“, - თქვა მაისაშვილმა.

კომენტარი გააკეთა თედო აბჟანდაძემაც:

„პორტუგალიისთვის ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამიზნე ჩვენ ვართ, ბოლო ორი მატჩიდან ჩვენთან პრეტენზიები ჰქონდათ, უნდოდათ ჩვენთან გამარჯვება და ეცდებიან ჩვენს დამარცხებას. ველოდებით, რომ თამაში არიონ, არ აწყობთ დალაგებული თამაში, ჩვენ კი, საპირისპიროდ, ვეცდებით, დალაგებულად ვითამაშოთ, ისე, როგორც წინა ორი თამაში ვეთამაშეთ და მოვუგეთ“, - თქვა აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ისვენებს, პორტუგალიას 23 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.114387