ლუჩანო სპალეტის მაგიური ჯოხი არ აქვს, რომ იტალიის ნაკრებში რამდენიმე დღეში სავალალო მდგომარეობა შეეცვალა, მაგრამ მაინც მისი დებიუტი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.
სკოპიეში იტალიამ ჩრდილოეთ მაკედონიას ვერ მოუგო და მოგებას არც იმსახურებდა. უსახური ფეხბურთი, რომელიც შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. ზოგადად, იტალიის ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემებია, შემადგენლობაში რომ ჩახედოთ, ეს აშკარაა.
სხვათა შორის, მაკედონიამ იტალია მუნდიალს მიღმა დატოვა, ახლა კი, შესაძლოა იტალიელებს ეს დაკარგული ქულები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენად დაუჯდეთ.
სპალეტის გუნდი 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ იტალიის ნაკრებს გოლის გასატანად საერთოდ არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ანგარიში როგორ შეენარჩუნებინა, რაც ვერ მოახერხა. 81-ე წუთზე ენის ბარდიმ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა - 1:1.
იტალიის ნაკრების მდგომარეობა ჯგუფში ძალიან კრიტიკულია. ინგლისს 13 ქულა აქვს და პრაქტიკულად გასულია. ასე რომ, დარჩა გასათამაშებელი მეორე საგზური, რომლისთვისაც „სკუადრა აძურას“ უკრაინასთან ბრძოლა მოუწევს. იტალიას 3 თამაშში 4 ქულა აქვს, უკრაინას ოთხ მატჩში - 7.
აქ საყურადღებო ისაა, რომ უკრაინას გაცილებით იოლი კალენდარი აქვს. მაგალითად, აღარ უწევს თამაში ინგლისთან, ხოლო იტალიას ნისლიან ალბიონზე ჩასვლა მოუწევს და ძნელი წარმოსადგენია იქ ქულა მაინც მოიპოვოს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა.
ამრიგად, გადამწყვეტი იქნება იტალია-უკრაინის ორივე მატჩი, რომელთაგანაც პირველი 12 სექტემბერს, მილანში გაიმართება.
თუმცა, იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს თავის დამშვიდება იმით შეუძლიათ, რომ თუ ამ ჯგუფიდან გასვლა უკვე ძალიან სათუო გახდა, წინ აქვთ ერთა ლიგის პლეი-ოფი, სადაც „აძურის“ მონაწილეობა გარანტირებული აქვს, მეტოქეები კი ჯერ უცნობია...
ისე კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, თანაც ზედიზედ მეორე დიდი ტურნირის გამოტოვება, სრული კატასტროფა იქნება - იტალიაში ფეხბურთი დიდ კრიზისშია.
ჩრდ. მაკედონია - იტალია 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 იმობილე (47), 1:1 ბარდი (81)