საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა - 1:7.
ანგარიშიც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა კატასტროფაც „დინამო არენაზე“ ხდებოდა, მაგრამ სტუმრებს საგოლე მომენტები უფრო ყურადღებით რომ გამოეყენებინათ, გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდნენ, შეეძლოთ ორნიშნა ნიშნულზეც კი ასულიყვნენ და ეს არ არის გადაჭარბებული...
ესპანეთის ნაკრებს წინ გასვლა პირველივე წუთსა და შეტევაში შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მარკო ასენსიოს აჯობა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე ბრწყინვალედ გაისარჯა და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. ზოგადად, საწყის წუთებში ესპანელთა უპირატესობა ძალიან თვალშისაცემი იყო. „ფურია როხას“ კიდევ ორი მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ასენსიომ და დანი ოლმომ ბურთი კარს ააცილეს. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა მეტოქის გააზრებულად კომბინირება.
„ფურია როხას“ დიდი უპირატესობა გოლებში მალევე აისახა. 22-ე წუთზე მარკო ასენსიოს შესანიშნავი პასის მერე ალვარო მორატამ თავით გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 28-ე წუთზე უკვე სოლომონ კვირკველიამ ავტოგოლი გაიტანა და უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
ესპანეთის ნაკრები ამის შემდეგაც არ დამშვიდებულა და მწვავე შეტევები გააგრძელა. 29-ე წუთზე ფაბიან რუისმაც გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იყო და გოლი არ ჩაითვალა. 33-ე წუთზე კი პსჟ-ს ნახევარმცველს პირისპირ გიორგი მამარდაშვილმა აჯობა. დაცვის ხაზში კოშმარი ტაიმის ბოლოსაც გაგრძელდა, რაც ლოგიკური გოლებით დასრულდა. ჯერ დანი ოლმომ გაისეირნა საჯარიმოში და სხვაობა სამამდე გაზარდა, მერე ორ წუთში მანვე კვირკველიას უხეში შეცდომით ისარგებლა და მორატას დუბლი ცარიელ კარში შეასრულებინა.
0:4 პირველ ტაიმში... სრული ქაოსი და აბსურდი. მოკლედ, მატჩის პირველი ტაიმი უბრალოდ კატასტროფული იყო, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ისტორიაში, თუმცა ეს დასასრული არ იყო, არც მეორე ტაიმი ყოფილა განსხვავებული, მიუხედავად კარგი საწყისი წუთებისა.
ბუნებრივია, რომ ვილი სანიოლმა შესვენებაზე ცვლილებები გააკეთა. აბურჯანიას, გაგნიძისა და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ანრი მექვაბიშვილი გამოჩნდნენ. ამან შედეგი ასე თუ ისე გამოიღო, რადგან საქართველოს ნაკრებმა უკეთ დაიწყო თამაში, გოლიც მალევე გაიტანა, რომელიც ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. გიორგი საჯარიმოში შექმნილ არეულობაში გაერკვა, ტექნიკურად ითამაშა და მართალია სუსტად დაარტყა, მაგრამ ზუსტად - 1:4.
თუმცა, თამაში მალევე დაბრუნდა იმ კალაპოტში, რაც პირველ ტაიმში იყო. დაცვის ხაზში სრული კოლაფსი და ესპანელთა დომინაცია - სტუმრებმა გოლებიც გაიტანეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა მორატამ, თავისი ბურთი ნიკო უილიამსმაც შეაგდო. მერე ლამინე იამალმა გაიტანა - 16 წლის დებიუტანტმა, რომელმაც ორი რეკორდი დაამყარა: გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და მეგოლე.
საქართველოს ნაკრებმა კი ანტირეკორდი დაამყარა, რადგან ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. 1:7 აქამდე არასდროს დაფიქსირებულა, ყველაზე ცუდი 5-ბურთიანი მარცხი იყო 1996 წელს რუმინეთთან (0:5) და 2005 წელს დანიასთან (1:6). ცხადია, სახლშიც ყველაზე ცუდი მატჩი იყო.
ამრიგად საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს - ურთულესი ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
საქართველო - ესპანეთი 1:7 (0:4)
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კვირკველია, კაშია, აზაროვი (დვალი 61); აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), კიტეიშვილი; ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), მიქაუტაძე, კვარაცხელია
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია; გავი (მერინო 58), როდრი (სუბიმენდი 72), ფაბიან რუისი; ასენსიო (უილიამსი 44), მორატა (ხოსელუ 72), დანი ოლმო (იამალი 44)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
გოლები: 0:2 მორატა (22), 0:2 კვირკველია (28, ა.გ), 0:3 დანი ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 უილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
გაფრთხილება: აბურჯანია (45), კაშია (50), კიტეიშვილი (60), ჩაკვეტაძე (63), კვარაცხელია (82) - გავი (45), სუბიმენდი (79)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 29 (13) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)