ფეხბურთი

17:39 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარია, მოედანზე დავალებები შევასრულოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩზე დაწვრილებით ისაუბრა.

„21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის წარმატებული იყო, თუ გავითვალისწინებთ როგორი ძლიერი ჯგუფიდან გავიდა. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტი იყო ისრაელთან მარცხი მას შემდეგ, რაც უფრო ძლიერ გუნდებს ვაჯობეთ. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავიანთი თავის წარმოჩენის შანსი მიეცათ და არაერთმა ეს შანსი გამოიყენა. საზონოვი იტალიაში გადავიდა სათამაშოდ, კალანდაძე კი ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდა.

მეოთხე მატჩია შესარჩევ ეტაპზე, შედეგი განსაკუთრებით ესპანეთისთვის გადამწყვეტი არ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მოლოდინი საქართველოში დიდია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ დღეში წამყვან ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით, ამას დრო სჭირდება და სამუშაო პროცესია. ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩემი მხრიდან ბიჭებზე ზეწოლა არ იქნება, ვეტყვი, რომ ისიამოვნონ ფეხბურთით და მთავარია, ყველა დავალება შესრულებული იყოს მოედანზე.

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შეჯიბრს, ერთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ იქ რომ წარმატებით ვითამაშოთ, ამისთვის საჭიროა შესარჩევ ეტაპზეც მაღალ დონეზეც ვითამაშოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მათთვის გამოცდილება იქნება ესპანეთსა და ნორვეგიასთან თამაში, არაფერი არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში.

მიხარია, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ეს ფეხბურთელებისთვის ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ბევრი კარგი ტრანსფერი შედგა, მიქაუტაძე, საზონოვი, ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, ეს ნიშნავს, რომ ევროპულ კლუბებში ქართველ ფეხბურთელებს უკვე ენდობიან.

პენალტის შემსრულებელი? შეცდომას ყველა უშვებს, როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები. მე ხვიჩას სრულად ვენდობი, ისევე, როგორც მიქაუტაძეს, ოთარ კიტეიშვილს და ა.შ. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, ვინ იქნება მოედანზე და ვინ როგორ იგრძნობს თავს. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი.

ესპანეთის ნაკრები სიძლიერით არ ჩამოუვარდება იმ ესპანეთს, რომელსაც საქართველო წინა შესარჩევში ეთამაშა. მწვრთნელი შეცვალეს და შესაძლოა არის ტაქტიკური ცვლილებები, მაგრამ გუნდი ისევ ძლიერია. ჩვენს თამაშშიც ბოლოს იყო ტაქტიკური ცვლილებები, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ყოველთვის ერთი სქემით თამაში.

ჩვეულებრივ არ ვაკეთებ კომენტარს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არ არიან გამოძახებული, თუმცა, გიორგი არაბიძეზე ვიტყვი, რომ ბოლო თვეებში გამოასწორა თავისი თამაში და თავის კლუბს ეხმარება. ჯერჯერობით, ეს არ არის საკმარისი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახო, ამისთვის საჭიროა, რომ სტაბილურად ხანგრძლივად ითამაშოს და თუ ასე იქნება, გამოვიძახებ, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის ეს ნაადრევი იყო", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება. A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.

0.149699