ფეხბურთი

22:18 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შეუსაბამო ხელფასი: "ნაპოლი" კვარაზე ცოტას მხოლოდ ორ ფეხბურთელს უხდის

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის და ხელფასის მომატების საკითხი დიდი ხანია იტალიურ მედიაში აქტუალურია, თუმცა, „ნაპოლის“ განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მოლაპარაკებების მიმდინარეობას სისულელე უწოდა და ყველაფერი კლუბში უარყვეს.

Calcio Finanza-მ ამასთან დაკავშირებით „ნაპოლის“ ფეხბურთელთა წლიური გასამრჯელო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს - მხოლოდ ორ ფეხბურთელზე უკეთესი!

სათადარიგო მეკარე პიერლუიჯი გოლინი და სათადარიგო მცველი, ალესანდრო ძანოლი გამოიმუშავებენ უფრო ნაკლებს, ვიდრე კვარა... ხვიჩაზე ორმაგად მეტი ხელფასი აქვს დიეგო დემეს, რომელიც გუნდს ჩამოშორებულია და არც ლუჩანო სპალეტი ათამაშებდა, არც - რუდი გარსია. ხვიჩაზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს მიმდინარე ზაფხულს შეძენილ ბრაზილიელ მცველ ნატანს და ნახევარმცველ იენს კაიუსტეს.

ცხადია, ეს აჩენს უსამართლობის და უთანასწორობის განცდას და ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნა ხელფასის გაზრდაზე (სავარაუდოდ, 5 მილიონამდე) სრულიად ლეგიტიმურია. მაშინ, როდესაც „ნაპოლიმ“ კვარაცხელია დაიმატა, კიდევ გასაგები იყო წლიური 1.2 მილიონი ევრო ხელფასი, მაგრამ მას მერე, რაც ხვიჩამ „ნაპოლიში“ შეძლო, რასაკვირველია, ეს ხელფასი არ შეესაბამება მის სტატუსს და გავლენას.

მიუხედავად „ნაპოლის“ განცხადებისა, იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილი დღესაც იტყობინება, რომ ხელფასის მომატება დღის წესრიგში დგას და მხარეები ოფიციალურად ახალ კონტრაქტს წლის ბოლომდე გააფორმებენ. ფაქტია, რომ ამჟამად ხვიჩას ხელფასი „ნაპოლიში“ არ არის რელევანტური იმასთან, რასაც ქართველი ფეხბურთელი კლუბში წარმოადგენს.

0.113654