კალათბურთი

14:45 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თვალცრემლიანი ილიას ზუროსი: "მიყვარს საქართველო, ახლა უფრო ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩის (84:100) პრესკონფერენცია გამართა. მას გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ისეთი კომენტარები გააკეთა, რომ თითქოს გუნდს დაემშვიდობა.

„ვულოცავ ავსტრალიის ნაკრებს, რომელიც შესანიშნავი გუნდია, საოცარი კალათბურთელებით. სამწუხაროდ, ორივე გუნდმა დაასრულა ასპარეზობა. მათ კარგად ითამაშეს და მოგება დაიმსახურეს. როგორც შერმადინმა თქვა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველად ვითამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალიან მაღალ დონეზე იყო ტურნირი ორგანიზებული, აბსოლუტურად ყველაფერი. მადლობა ფანებს, ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ იყვნენ და საქართველოში. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. მოვხვდით საუკეთესო 16 გუნდში, გავედით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 8 წლის შემდეგ ასე დასრულება რთულია, ჩემი განცდების გადმოცემა ძნელია. მიყვარს ყველა ჩემი კალათბურთელი და მთლიანად ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თავს ახლა ქართველად უფრო ვგრძნობ, ვიდრე ბერძნად, ყველაფერი გავიღე, სულით და გულით ვიმუშავე. მიყვარს კალათბურთელები და საქართველო, ვამაყობ მათით, მეტს ახლა ვერაფერს ვიტყვი.

დღეს სანაძე, ბერიშვილი, ცინცაძე და შენგელია გვაკლდნენ. თორნიკე გერმანიასთან მოედანზე ტრავმირებული გავიდა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და კიდევ ერთი დაზიანება მიიღო“, - თქვა ზუროსმა.

სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრით დაასრულა. ჩაატარა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო კაბო ვერდესა და ვენესუელასთან, ხოლო სლოვენიის, გერმანიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ მარცხი განიცადა. ამ შედეგით ზუროსის გუნდმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს.

0.113865