ფეხბურთი

1:14 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება კვარაცხელიაზე: "ორჯერ ახლოს იყო გოლთან, მეორე ტაიმში მოუკლო"

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მესამე ტურში რომის „ლაციოსთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა, პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა და აქტიურობდა, თუმცა, მეორე ნახევარში ის რუდი გარსიამ შეცვალა.

Tuttonapoli 6 ქულა - „მე-20 წუთზე კარში ბურთი რაკეტასავით გაუშვა, რომელიც პროვედელის სასწაულმა შეაჩერა. თამაშის დიდებული დასაწყისის შემდეგ ნელ-ნელა ჩრდილში მოექცა“.

Calcionapoli1926 6 ქულა - „ძალიან კარგად დაიწყო და 20 წუთში ორჯერ ახლოს იყო გოლთან. მეორე ტაიმში ოდნავ მოუკლო და მეტოქეს საფრთხეს ვეღარ უქმნიდა“.

Calciomercato.it 5.5 ქულა - „ორჯერ გოლთან ახლოს იყო, მარუშიჩი გააგიჟა, მერე თამაშიდან გაითიშა და შეცვალეს“.

Sport.virgilio 5.5 ქულა - „საკმარისად კარგად ვერ ითამაშა და გარსიამ 65-ე წუთზე შეცვალა. ნაკლებად გადამწყვეტი, თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებში საგოლე მომენტებს, მთელი თამაშის განმავლობაში "თამაშგარეში" იყო“.

Tuttomercatoweb 6 ქულა - „ამ სეზონში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და მაშინვე ცდილობდა „სტადიო მარადონა“ გაენათებინა შესანიშნავი მოქმედებებით და დარტყმით, რომელიც პროვედელმა მოიგერია. თუმცა, მეორე ტაიმში ძალიან იშვიათად შესამჩნევი იყო და გარსიამ მოედნიდან გაიყვანა“.

Mediaset 6 ქულა - „სეზონში პირველი თამაში სასტარტოში და მაშინვე საგოლე მომენტი შექმნა. პირველ ტაიმში კარგი იყო, მეორე ტაიმში ჩავარდნა დაეწყო, ნაკლებად ჩანდა და ადგილი რასპადორის დაუთმო“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ნაპოლი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

0.115114