ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მიჯრით მეორედ წააგო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, რომელმაც „ალავესის“ ფეხბურთელ კიკე გარსიას პენალტი აუღო. თუმცა, საჯარიმოში „ვალენსიას“ ფეხბურთელი დარტყმამდე შევიდა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი მსაჯმა გარსიას გაამეორებინა. გიორგიმ ვიზავის ამჯერადაც აჯობა! ეს მისი პირველი მოგერიებული პენალტია „ვალენსიაში“. თუმცა, მოგერიებული პენალტიდან რამდენიმე წამში ჯენკ ოზკაჯარმა ქართველ მეკარეს ავტოგოლი გაუტანა. ეს ყველაფერი მეხუთე წუთზე მოხდა და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.
მამარდაშვილს მეტჯერ გუნდი არც გადაურჩენია, რადგან „ალავესს“ კარში ზუსტი დარტყმა აღარ ჰქონია. „ღამურებს“ კი ძალიან უჭირთ დაცვაშიც და შეტევაშიც... ძნელი წარმოსადგენია რუბენ ბარახას გუნდს ამ სეზონში გადარჩენის გარდა, სხვა ამბიცია რომ ჰქონდეს.
„ვალენსიას“ ოთხ ტურში მოპოვებული 6 ქულით მეათე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 17 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.