ფეხბურთი

14:43 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებში სპალეტი წარადგინეს: "ენით აღუწერელი ემოციაა"

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი წარადგინეს. 64 წლის სპეციალისტმა „სკუადრა აძურას“ თავკაცის რანგში პირველად ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„აქ ყოფნა, იტალიის ნაკრების მწვრთნელად ჩემს პრეზენტაციაზე, ნამდვილად ენით აღუწერელი ემოციაა, რომელიც შორიდან იწყება. 11 წლის ვიყავი 1970 წელს, მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე და მახსოვს როგორ ვზეიმობდი გერმანიასთან გამარჯვებას. იმედია, იტალიის დროშას ისე მაღლა ავწევთ, როგორც ამას იმსახურებს. პირველი შეთავაზებაზე დავთანხმდი, რადგან იტალიის ნაკრებზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შეიძლება არ ვარ ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ სპალეტის საუკეთესო ვერსია ნამდვილად ვიქნები.

„ნაპოლი“ შესანიშნავი გამოცდილება იყო, რაღაც საოცარი, შეიძლება მეტიც, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, მშვენიერი მოგონებაა. კონტრაქტის პუნქტზე იურისტები მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი რაც შეიძლება მალე მიიღწევა.

მე ვეძებ ბედნიერებას, როგორც წესი, მარტო მე ბედნიერი ვერ ვიქნები, ვერ ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემს ირგვლივ ბედნიერ ადამიანებს ვერ ვხედავ, ეს არის ფუნდამენტური. „ნაპოლი“ და ნეაპოლელები ჩემი ბედნიერება იყო. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებმაც უნდა გაითავისონ, რადგან მათთვის ამ მაისურის ტარება სიამოვნება უნდა იყოს. მინდა, დავინახო მაისურზე მიჯაჭვულობა, იმიტომ, რომ ეს არ არის ნებისმიერის მსგავსი მაისური, მახსოვს, რომ დე როსი ამბობდა: „ორი მაისური მაქვს, კლუბის მაისურს ვდებ ეროვნული ნაკრების მაისურზე, ის მაშინაც ჩემთან რჩება, როცა კლუბში ვთამაშობ“. ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მასზე წვდომა ყველას არ აქვს. მახსენდება ისეთი ხალხი, როგორებიცაა ბუფონი, მაცოლა, რივერა, რივა, ბარეზი, მალდინი, ბაჯო, ბევრი ადამიანი. მარჩელო ლიპი, რომელსაც ამ დღეებში ვესაუბრე, ის ყოველთვის გვაძლევს რჩევებს, ისინი ყოველთვის ჩვენთან იქნებიან. ჩვენთან იქნება ჯანლუკა ვიალიც გასახდელში, ისინი ჩვენი სახელმძღვანელო სულისკვეთება იქნებიან”, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, ხოლო 12 სექტემბერს, მილანში, უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.123711