საქართველოს ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო, „დინამო ბათუმმა“ კი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ მოიგო.
ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ იოლად, 4:1 აჯობეს. სტადიონზე დაბრუნდა „დინამოს“ ფანკლუბი, რომელმაც გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ პროტესტი შეწყვიტა.
„დინამო ბათუმს“ 52 ქულა აქვს და დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშებას, ხოლო „სამგურალი“ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი გამარჯვება იზეიმა, რითაც ხუთეულს ნაბიჯში მიუახლოვდა. იმერლები შინ „თელავთან“ აგებდნენ, მაგრამ გიორგი არაბიძისა და ლაშა შერგელაშვილის გოლებით ქამბექი მოახერხა. „ტორპედო“ 37 ქულით მეექვსე ადგილზე რჩება, რადგან ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო, თუმცა, შესანიშნავი სერიის წყალობით ხუთეულს უკვე მხოლოდ 2 ქულა აშორებს. „თელავს“ 21 ქულა აქვს და მეშვიდეა.
„ტორპედო“ – „თელავი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 მორჩილაძე (15), 1:1 არაბიძე (43), 2:1 შერგელაშვილი (67)
„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 კიკაბიძე (28, ა.გ), 2:0 მამუჩაშვილი (35, პენ), 2:1 კაგაიამა (57), 3:1 ზარია (66), 4:1 იაკობსენი (90)