ფეხბურთი

0:11 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ევროპა ლიგაზე გავიდა, გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფი დასრულდა, შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის მონაწილე გუნდები გაირკვა.

ამსტერდამის „აიაქსმა“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გადავიდა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მორის სტეინის გუნდმა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ შინ 0:1 წააგო, თუმცა, სტუმრად 4:1 ჰქონდა მოგებული და ჯგუფში გავიდა. მიქაუტაძე განაცხადში არ ყოფილა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ჯერ გუნდთან ერთად მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა.

ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს „ყარაბაღი“, რომელმაც „ოლიმპიასთან“ შინ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 აჯობა. ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანელთა კარს 90 წუთი იცავდა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში მარცხი განიცადა „ბრატისლავის“ „სლოვანმა“, რომელიც სტუმრად კვიპროსულ „არისთან“ 2:6 განადგურდა, შინ კი მხოლოდ 2:1 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:7 წააგო. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, გურამ კაშია ისევ თადარიგში იყო, რომელიც ბოლო დროს ვლადიმირ ვაისის გუნდის ძირითადში ვეღარ ხვდება. „სლოვანი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

კონფერენს ლიგას გამოეთიშა „აპოელი“, რომელმაც „გენტთან“ საკუთარ მოედანზეც წააგო (1:2), ორი მატჩის ჯამში კი 1:4 დამარცხდა. გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშეს. კვიპროსულმა გუნდმა ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.

კონფერენს ლიგაზე აღსანიშნავია ისლანდიური „ბრეიდაბლიკის“ წარმატება, რომელმაც ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდი სულ ისლანდიელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავს, ორივე ფარერებიდან. ისლანდიურმა კლუბმა მაკედონიური „სტრუგა“ ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

0.115193