გორის „დილამ“ „დინამო ბათუმში“ ანდრეი დემჩენკოს წასვლის შესახებ განმარტება გააკეთა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუბმა უკრაინელ სპეციალისტს მათთვის სარეკორდო ხელფასი, 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრეი დემჩენკო გორის „დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.
ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრეი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, - წერს „დილას“ ვებგვერდი.
გორის „დილას“ ამჟამად ირაკლი მოდებაძე ავარჯიშებს, რომელიც დემჩენკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. „დილა“ ეროვნულ ლიგაში 22 ტურის შემდეგ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.