საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ვენესუელასთან მატჩის (70:59) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა თამაში ფინალის ტოლფასია.
„პრივილეგიაა ჩვენთვის აქ ყოფნა, ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია, განსაკუთრებით ჩვენთვის. სლოვენიასთან მძიმე თამაშის შემდეგ ორ დღეში დავბრუნდით, ერთად ვიბრძოლებთ, ემოციები გავაკონტროლეთ. ვენესუელა ძალიან რთული გუნდია, ვიცოდით, რომ 3-ქულიანებით თამაშში დაბრუნება ნებისმიერ წამს შეეძლოთ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ეს თამაში ძალიან კარგად მოამზადა და ბედნიერები ვართ შემდეგ ეტაპზე გასვლით.
ბედნიერები ვართ, ისტორიული თამაში მოვიგეთ, ჩვენი სახელები ისტორიას დარჩება, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობთ. როგორც მწვრთნელმა თქვა, ეს გამარჯვება ქართველ ხალხს ეკუთვნის, ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ, გავაგრძელებთ ისტორიის წერას, ამის შესახებ მომდევნო თაობებს მოვუყვებით.
ორივე მოგებული თამაში ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, კაბო ვერდესთან ვნერვიულობდით, მაგრამ დავბრუნდით, გუნდურად ვითამაშეთ, დავბრუნდით და მოვიგეთ. დღეს პირველივე წუთებიდან გამოვავლინეთ მებრძოლი სული და სწორედ ამ მესიჯის გაგზავნა გვინდოდა მეორე ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე. ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე მნიშვნელოვანი იყო სლოვენიასთან თამაში, მაგრამ ეს გახლდათ გადამწყვეტი, რადგან ირკვეოდა ვინ გავიდოდა მომდევნო ეტაპზე“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, ხოლო სლოვენიასთან წააგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს, გერმანიას და 3 სექტემბერს, ავსტრალიას შეხვდება.