კალათბურთი

15:27 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი მიზანია ყოველ წამს, წუთსა და თამაშში ბრძოლა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ვენესუელასთან გამარჯვების (70:59) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველ წამს და წუთს ბრძოლაა.

„პირველ რიგში ჩემს კალათბურთელებს ვულოცავ, რადგან შესანიშნავად იმუშავეს, შეკრების თითოეულ დღეს მაქსიმუმს აკეთებდნენ, პირველად გამოვდივართ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ეს წარმატება დაიმსახურეს. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით, არასდროს ვნებდებით და ეს არის ქართული სული და გული. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს საქართველოში ხალხი გავახარეთ, 16 გუნდში მოხვედრა ადვილი არ არის. ვულოცავ სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, კალათბურთელებს, გულშემატკივრებს, რომლებიც აქ არიან და ასევე საქართველოში გვქომაგობენ. ფანებს ვპირდებით, რომ ბოლომდე მაქსიმუმს გავიღებთ.

ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ. გამოცდილ გუნდებს ვეთამაშებით, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, აქ თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. ამავდროულად, აქ იმისთვის ვართ, რომ ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ თამაშში ვიბრძოლოთ, ეს არის ჩვენი მიზანი. მეტოქეებს ბევრი მოთამაშე ჰყავთ NBA-დან, მაგრამ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ და ვეცდებით, საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, ხოლო სლოვენიასთან წააგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს, გერმანიას და 3 სექტემბერს, ავსტრალიას შეხვდება.

0.116706