პროგრამა მინიმუმი შესრულებულია: საქართველოს ნაკრები მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპიდან გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ილიას ზუროსის გუნდს ბოლო ტურში ვენესუელასთან მარცხიც კი აძლევდა ხელს, ოღონდ, გარკვეული ანგარიშით, თუმცა, სამხრეთამერიკულ მეტოქეს ძალიან იოლად აჯობა - 70:59.
ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე თამაში მათთვის ძალიან კომფორტული სცენარით მიდიოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მეორე პერიოდი, რომელშიც ვენესუელამ მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. შედეგად, დიდ შესვენებაზე საქართველო 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში საქართველო ოდნავ მოდუნდა, მაგრამ მის გამარჯვებას საფრთხე წამითაც არ დამუქრებია. ვენესუელამ მხოლოდ ის შეძლო, რომ 11 ქულით წააგო.
საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 29 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 10-ქულიან ზღვარს ქართველებიდან თორნიკეს გარდა, გოგა ბითაძე გადასცდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (უკვე მეორედ ამ მსოფლიოზე) - 11 ქულა და 11 მოხსნა. 9 ქულა ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსა და დუდა სანაძეს, 4-4 კახა ჯინჭარაძეს და გიორგი შერმადინს, 3 გიორგი ცინცაძეს და თად მაკფადენს, 2 - სანდრო მამუკელაშვილს.
საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანიის, ავსტრალიისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. თუმცა, სლოვენიასთან არ ითამაშებს, რადგან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჰყავდა მეტოქედ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გერმანია და სლოვენია 3-3 მოგებით (0 წაგებით) გავიდნენ, ავსტრალია და საქართველო 2-2 მოგებით და თითო მარცხით. ამ ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.
საქართველოს ნაკრები 1-ელ სექტემბერს, გერმანიას შეხვდება, ხოლო 3 სექტემბერს - ავსტრალიას.
საქართველო - ვენესუელა 70:59 (24:19, 18:4, 17:21, 11:15)