ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია და „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას ელოდება, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შედგეს.
საუბრის თემა ცხადია ხელფასის მომატება იქნება, რომელიც ახლა მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა. დე ლაურენტისი კვარაცხელიას 2.5 მილიონს სთავაზობს, ფეხბურთელის მენეჯერი კი ცდილობს, გასამრჯელო 5 მილიონ ევრომდე გაზარდოს. მხარეებს შორის დისტანციაა, შესაბამისად ორივე მხარისთვის სასურველ შედეგამდე მისვლა არც ისე ადვილი იქნება.
გარდა ამისა, კვარას წარმომადგენლები ითხოვენ, რომ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვით ხვიჩას გამოსასყიდი ფასი 90 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც ნეაპოლელებისთვის მიუღებელია. იტალიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან დაბალი ფასია ქართველი ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერისთვის.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.