კალათბურთი

22:30 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "16 გუნდში მოხვედრა ისტორიული შედეგი იქნება"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვენესუელას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა, როგორც მან თქვა, შანსი აქვთ ისტორიულ შედეგს მიაღწიონ.

„სლოვენიასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ ძალისხმევა არ დავიშურეთ და დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას გვქონდა ცუდი მომენტები. არ ვიყავით პატარა დეტალებზე ფოკუსირებულები, რომელიც აუცილებელია ტოპ გუნდებთან თამაშისას. სწორედ ამ პატარა დეტალების გამო დავისაჯეთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდით კმაყოფილი ვარ. ყველას უნდა შევახსენო, რომ ჩვენთვის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატია, ერთად ვართ, ერთად ვმუშაობთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვიბრძვით.

ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ვენესუელის ნაკრებთან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა არგენტინის ნაკრებთან ჯგუფში მოახერხა. იმ არგენტინის ჯგუფიდან, რომელმაც ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. გუნდის შეფასებისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორი ჯგუფიდან გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვენესუელა ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც დიდი ენერგიით, კარგი დაცვით თამაშობს, ბევრ სამქულიანს ისვრიან, დაახლოებით 36-ს თამაშში. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და კარგი დაცვა ვითამაშოთ.

მჯერა ჩემი გუნდის და მოთამაშეების, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მიზანს მივაღწევთ და საუკეთესო 16 გუნდში ყოფნას ვიზეიმებთ, რომელიც სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი იქნება“, - აღნიშნა ზუროსმა.

გარდა ამისა, მატჩამდე კომენტარი გააკეთა კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც სლოვენიასთან 12 ქულა დააგროვა და 3 სამქულიანი ჩააგდო.

„სლოვენიასთან“ ძალიან დასანანი მარცხი იყო, გვქონდა გარკვეული პოზიტიური მომენტები, მაგრამ გეგმა ვერ შევასრულეთ. ვენესუელასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ბიჭები ყველა დადებითად ვართ განწყობილი, რადგან ყველაფერი წინ არის. ვეცდებით, მწვრთნელების მოცემული დავალებები შევასრულოთ და გავიმარჯვოთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვისურვებდი, რომ ეს მოგებულ თამაშში მომხდარიყო, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ვენესუელას ნაკრებთა მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.

0.116278