გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ამსტერდამის „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის დეტალებს ახმაურებს.
როგორც აღნიშნული გაზეთი წერს, „მეცი“ 16 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. ასე რომ, ფრანგები ჯამში 19 მილიონ ევროს მიიღებენ.
გარდა ამისა, „მეცი“ „აიაქსთან“ მოლაპარაკებებს ბოლო მომენტამდე აწარმოებდა, რათა ნიდერლანდური კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გიორგის დატოვებაზე დაეთანხმებინა. ფრანგები მზად იყვნენ ბონუსის 3 მილიონზე უარი ეთქვათ, თუ ამსტერდამელები იჯარაზე დათანხმდებოდნენ, მაგრამ „აიაქსმა“ ეს შეთავაზება არ მიიღო - მათ ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონშივე სჭირდებათ.
ისიც ნიშანდობლივია, რომ თვითონ მიქაუტაძე თანახმა იყო იჯარით ეს სეზონი „მეცში“ გაეტარებინა. თუმცა, ფრანგებმა ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწიეს, ამრიგად, გიორგი „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდება, რომელთანაც 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.