კალათბურთი

17:33 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ დონჩიჩი და სლოვენია ვერ გააჩერა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა და სლოვენიის ნაკრებთან პრაქტიკულად უშანსოდ, 67:88 წააგო.

ილიას ზუროსის გუნდმა ვერ მოახერხა მეტოქის შეჩერება, პირველ რიგში კი, ლუკა დონჩიჩის, რომელიც ცხადია, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო. სლოვენიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, 14:4 დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი პერიოდის მეორე ნაწილი ქართველების იყო, რომლებმაც ჩამორჩენა აღმოფხვრეს და პერიოდი 17:16 მოიგეს.

თუმცა, ეს ერთადერთი მეოთხედი იყო, რომელშიც ზუროსის გუნდმა მეტოქეს აჯობა. მეორე პერიოდიდან სლოვენიელების უპირატესობა გამოიკვეთა, რომელიც მატჩის ბოლომდე მეთოდურად იზრდებოდა და საბოლოოდ, 21-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერებს თამაში არ წაუვიდათ, სანდრო მამუკელაშვილის გამოკლებით, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. სანდროს გარდა, ერთადერთი ქართველი, რომელიც ორნიშნა ციფრს გადასცდა, კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, ჯინჭარაძემ უშეცდომოდ ისროლა: 3-დან 3 სამქულიანი 1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო. მას ნამდვილად პოზიტიური თამაში ჰქონდა.

სამაგიეროდ, მხოლოდ 5 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, რომელიც სხვათა შორის, კაბო ვერდესთანაც ჩრდილში იყო. გიორგი შერმადინმა 4 ქულა მოიპოვა, გიორგი ცინცაძემ 5, გოგა ბითაძემ 7, რომელმაც ასევე 100%-ით სიზუსტით ისროლა (2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი, თუმცა, შეტევაში ვერ აქტიურობდა. თორნიკე შენგელიამ 9 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ისიც სათქმელია, რომ 5 პერსონალური ჯარიმის გამო თამაშს ნაადრევად გამოეთიშნენ შენგელია და ბითაძე,

სლოვენიის ნაკრებში სამმაგ დუბლთან ახლოს იყო ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი შესძინა თავის გუნდს. 15 ქულა ჰქონდა კლემენ პრეპელიჩს, 12 - ზორან დაგრიჩს.

სლოვენიის ნაკრები ჯგუფს 2 მოგებით ლიდერობს, საქართველოს და კაბო ვერდეს თითო მოგება/წაგება აქვთ, ხოლო ვენესუელამ წინა ორივე თამაში წააგო.

ბოლო ტურში, 30 აგვისტოს, საქართველო ვენესუელას შეხვდება და შეიძლება ჯგუფიდან წაგებითაც გავიდეს, თუმცა, ბუნებრივია, რომ მოსაგებად უნდა ითამაშოს, რადგან პარალელურად მატჩსა და ბურთების ბალანსზე დამოკიდებული ვერ იქნება.

საქართველო - სლოვენია 67:88 (17:16, 16:29, 17:18, 17:25)

მატჩის სრული სტატისტიკა...

0.117063