საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი გაიმართა საქართველოს ნაკრების ჯგუფში, სადაც კაბო ვერდემ ვენესუელა დაამარცხა - 81:75.
ეს შედეგი ილიას ზუროსის გუნდისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო, რადგან ახლა ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. კაბო ვერდემ დიდებულად ჩაატარა მეოთხე პერიოდი, რომელშიც მეტოქეს 22:9 აჯობა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
კაბო ვერდელთა შორის საუკეთესო ჟოაო გომესი იყო 22 ქულით, 20 ქულა ჩააგდო ვილიამ ტავარეშმა, ხოლო ივან ალმეიდამ გუნდს 18 ქულა შესძინა. სხვათა შორის, არცთუ ისე შედეგიანი თამაში ჰქონდა ედი ტავარეშს, რომელმაც მხოლოდ 6 ქულა მიითვალა, მაგრამ სამაგიეროდ, ფარზე დომინანტი იყო და ბურთი 14-ჯერ მოხსნა.
ამრიგად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ერთადერთი მოგებითაც გავიდეს, რადგან თუ სამ გუნდს თანაბარი მოგება-წაგება ექნება, ბურთების ბალანსი დაითვლება, რაც ზუროსის გუნდს ახლა ნამდვილად დადებითი აქვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში დარჩენილ ორ ტურში ერთი მოგებაც ეყოფა.