კაბო ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ტროვოადამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სამქულიანები ვერ ჩააგდეს, გულშემატკივარი კი ნამდვილ „ზვიგენებს“ ნახავს.
„ჩვენი პირველი თამაში იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ცოტა ვინერვიულეთ, თუმცა თამაში კარგად დავიწყეთ. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ მეორე ტაიმში თამაშით სიამოვნება მიეღოთ. მხოლოდ სამი 3-ქულიანი ჩავაგდეთ, რაც ცუდი შედეგია, მაგრამ ამ გუნდს შეუძლია სამქულიანების ჩაგდება და ნამდვილ „ზვიგენებს“ მომდევნო შეხვედრაში ნახავთ“, - თქვა ტროვოადამ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.