საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში კაბო ვერდესთან გამარჯვების (85:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ძალიან კმაყოფილია მთელი გუნდის თამაშით და ზოგიერთმა კალათბურთელმა მოლოდინსაც გადააჭარბა.
„ეს ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მომენტია, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილები ვართ. თუმცა, ეს მხოლოდ პირელი თამაში იყო, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ორ დღეში სლოვენიასთან ძალიან რთული თამაში გვაქვს, ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებული.
პირველ რიგში, მთელი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრმა კალათბურთელმა ისე ითამაშა, როგორც არ ველოდით. გოგას თამაშით კმაყოფილი ვარ, ყველას დაანახა, რაც შეუძლია. მას ორ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაღალი ხარისხის მოთამაშეა. სამწუხაროდ, გოგა და შენგელია წინა ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარნენ, თუმცა, წელს აქ არიან და ძალიან ბედნიერები ვართ. მე მჯერა გუნდის, ზოგჯერ კარგად ვითამაშებთ, ზოგჯერ - ნაკლებად, მაგრამ გუნდს მუხტი ყოველთვის აქვს. ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით, ბევრი თამაში ჩავატარეთ მოკლე პერიოდში და კარგად მოვემზადეთ.
ლუკა დონჩინისა და სლოვენიის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ლუკა დონჩიჩი NBA-ს ვარსკვლავია და დიდი კალათბურთელია. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.