კალათბურთი

13:54 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული თამაში: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
კაბო ვერდე - საქართველო 60:85

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ქართულ კალათბურთს მორიგი ისტორიული დღე შეჰმატა.

კაბო ვერდესთან ილიას ზუროსის გუნდმა ძალიან იოლად მოიგო, პრობლემების გარეშე - 85:60. მარტივი გამარჯვება შეიძლება მეტოქის სისუსტითაც იყო გამოწვეული, მაგრამ ეს ქართველი კალათბურთელების კარგ გარჯას საერთოდ არ აუფასურებს.

თამაში საქართველომ ცუდად დაიწყო: საწყის 5 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და მარცხდებოდა კიდეც, მაგრამ ზუროსმა წუთშესვენება აიღო, პარკეტზე გიორგი ცინცაძე, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გამოჩნდნენ, რამაც თამაშის სცენარი სრულად შეცვალა. განსაკუთრებით, ეს ცინცაძის დამსახურებაა, რომელმაც რთულ მომენტში ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, ბრწყინვალე პასებიც გააკეთა, რითაც შეხვედრაში გარდატეხა შეიძლება ითქვას, რომ პირადად შეიტანა.

სწორედ ცინცაძის დიდებული გარჯით საქართველოს ნაკრებმა თამაში იგრძნო და მეტოქესაც აგრძნობინა, რომ გამარჯვება მხოლოდ საქართველოს დარჩებოდა. შემდეგ შეხვედრამ აბსოლუტურად ფორმალური ხასიათი მიიღო. კაბო ვერდეელებმა ტაიმი სულ რაღაც 22 ქულით დაასრულეს, რაც ცხადია, ყველაფერზე მეტყველებდა. მეორე ნახევარიც ფორმალობა იყო.

ზუროსის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ ბოლო პერიოდი დაუთმო, რომელშიც მოდუნდა, გუნდის ლიდერებიც დაასვენა, სამაგიეროდ, შანსი მიეცათ სათადარიგო მოთამაშეებს. ნიშანდობლივია, რომ 12-ვე კალათბურთელმა ითამაშა და 11-მა მათგანმა შეძლო ქულის დაგროვება. საბოლოოდ, 25-ქულიანი სხვაობით დამაჯერებელი გამარჯვება - 85:60.

შედეგიანობით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა გოგა ბითაძე - 15 ქულა, 11 მოხსნა. დუდა სანაძემ გუნდს 12 ქულა შესძინა, სანდრო მამუკელაშვილმა 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8-8 ქულა ჰქონდათ გიორგი შერმადინსა და გიორგი ცინცაძეს, რატი ანდრონიკაშვილს - 7. მხოლოდ 4 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, თუმცა, მისი შედეგიანობა საჭირო არც გამხდარა. 2-2 ქულა ჩააგდეს ლუკა ლიკლიკაძემ და გიორგი ტურძილაძემ, 1 - მიხეილ ბერიშვილმა. ისიც სათქმელია, რომ ყველაზე მეტი დრო პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა გაატარა - 26 წუთი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ენერგიაც საკმაოდ დაზოგეს.

საქართველოს ნაკრებმა 37%-იანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები (19/7), 92%-ით საჯარიმოები (24/22), 51%-ით ორქულიანები (60/28).

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

კაბო ვერდე - საქართველო 60:85 (11:20, 11:28, 15:22, 23:15)

მატჩის და კალათბურთელების სტატისტიკა სრულად...

0.127895