კალათბურთი

23:16 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს, მთელ საკალათბურთო ოჯახს და გულშემატკივარს"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობას გამოეხმაურა.

„ის მოლოდინი და ემოცია, რითაც სპორტის გულშემატკივარი ცხოვრობს, 26 აგვისტოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპამდე მიგვიყვანს, რაც საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ნიშნავს. საკანდელიძე, ქორქიები, დერიუგინი, მოსეშვილი, ჯორჯიკია, უგრეხელიძე, დარსაძე, სტეფანია, ნაცვლიშვილი, ცქიტიშვილი, ფაჩულია, ბოისები, მარკოიშვილი, ცინცაძე, სანიკიძე, ასევე ლეგენდარული ჯამლეტ ხუხაშვილი და ათობით სხვა კალათბურთელი თუ ფუნქციონერი, რომელთა მხრებზე და ხელებზე უკანასკნელმა დეკადებმა გადაიარა ხვალინდელი დღით განსაკუთრებით იამაყებენ, ზოგი ზეციდან, ზოგი საქართველოდან და ეკრანებიდან, ზოგიც იაპონიიდან.

თაობებს შორის კავშირი და მომავალი სპორტსმენებისთვის გზის გაკვალვა ერთ-ერთია იმ ბევრი საკვანძო საკითხიდან, რომელიც ახალგაზრდებს აუცილებლად გაუადვილებს თავის დამკვიდრებას, ცხოვრებას და თამაშს. ამ ხალხმა, საკუთარი საქმით, წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, ისე როგორც ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებენ ჩვენი მორაგბეები, როცა მოედანზე გადიან და ისე, როგორც ამას ჩვენი საფეხბურთო ნაკრები დაამტკიცებს და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე მიგვიყვანს.

ჩემი და ზაზას მიმართვა, ჩვენი ერთობლივი დისკუსია და მოსაზრებების გაცვლაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა უკეთესი მომავალი დაინახონ, დაიჯერონ, რომ იმაზე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობენ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ და ირწმუნონ იმის, რომ რეალური და ხელშესახებია, რასაც ჩვენი სპორტსმენები საქართველოს სახელით აკეთებენ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს, მთელ საკალათბურთო ოჯახს და გულშემატკივარს“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდესთან თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს.

0.123631