ირანის ნაკრების თავდამსხმელი სარდარ აზმუნი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში უკვე ჩავიდა, სადაც კონტრაქტს გააფორმებს.
აზმუნი რომაელებმა ტამი აბრაჰამის შემცვლელად დაიმატეს, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდება. მანამდე „ჯალოროსი“ დუვან საპატას ყიდვას ცდილობდა, მაგრამ „ატალანტასთან“ ვერ მორიგდა.
აზმუნმა ბოლო ორი სეზონი „ლევერკუზენში“ გაატარა, სადაც 44 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. ირანელს კარიერის საუკეთესო წლები რუსეთში აქვს გატარებული, სადაც „რუბინის“, „როსტოვის“ და „ზენიტის“ ღირსებას იცავდა. ირანის ნაკრებში კი 71 შეხვედრაში თავი 45-ჯერ გამოიჩინა.