საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე ავსტრალია იყო, რომელსაც ნბა-სა და ევროლიგის არაერთი ვარსკვლავი ჰყავს და ფიბა-ს ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. ავსტრალია მსოფლიოს კარსმომდგარი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და საქართველოსთან მატჩი მწვანე კონტინენტელებისთვისაც ბოლო იყო მუნდიალის დაწყებამდე. თანაბარ ფინალში, რომელშიც ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ავსტრალიელებმა იმარჯვეს – 86:81.
მატჩის ბოლო წუთზე 3 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა გამთანაბრებელი სამქულიანი არ ესროლა, პერიმეტრზე ამოსული მეურვე ჩამოიცილა და გარღვევა განახორციელა. სანდროს ნასროლი არ ჩავარდა და ავსტრალიელების შეტევა ტაქტიკური ჯარიმით გავაჩერეთ. მეტოქემ ორივე სროლა ჩააგდო და 5 ქულით ჩამორჩენილ საქართველოს დარჩენილ 10 წამში გამარჯვების შანსი წაერთვა.
საქართველომ ღირსეულად ითამაშა. მძლავრ მეტოქეს, რომელიც პირველი პერიოდის შემდეგ 29:18 გალიდერდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის 18 ქულით (51:33) იგებდა, თამაში შემოუტრიალა.მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, რაც დუდა სანაძის მიჯრით ჩაგდებული 3 სამქულიანის დამსახურება იყო.
ბოლო პერიოდის წინ საქართველო 16 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მონდომების ხარჯზე მოახდინა კონცენტრაცია, გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ფარქვეშ შეუჩერებლები იყვნენ. პერიმეტრიდან დუდა სანაძემ კვლავ ზუსტად გაისროლა, კახა ჯინჭარაძე და რატი ანდრონიკაშვილი დაცვაში აქტიურობდნენ, გიორი შერმადინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა და საქართველომ შეტევის უფლებაც მოიპოვა. აქ კი ის ეპიზოდი გათამაშდა, რომელიც თავში ვახსენეთ და გამარჯვება ავსტრალიელებს დარჩათ.
საქართველოს ნაკრებში 20 ქულით გოგა ბითაძე გამოირჩა. თორნიკე შენგელიამ 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა. დუდა სანაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 11 ქულა ჰქონდა თად მაკფადენს. მატჩს მხოლოდ ის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც ქალაქ ოკინავას მერიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. იაპონელი ბავშვები მხურვალედ ქომაგობდნენ ორივე გუნდს და მატჩის შემდეგ კალათბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
GBF.GE