კალათბურთი

20:25 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "გამოვასწორებთ სუსტ მხარეებს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მწყობრში ვიყოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერა და ძალიან რთული თამაში ელოდებათ.

თუმცა, ბერძენი სპეციალისტისთვის მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებაა, რის გამოც ავსტრალიასთან სპარინგი ფანტასტიკური გამოცდა იქნება.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ იაპონიაში ყოფნის პირველ დღეებში ადაპტაციას ვცდილობთ, ვეჩვევით ახალ დროს და სიტუაციას. ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ, ხვალ ძალიან რთული თამაში გვექნება და ეს კარგად ვიცით. ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თამაშის ხარისხით და მაღალი კლასის მოთამაშეებით, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებენ. შესაბამისად, ჩვენი მზაობის შესამოწმებლად ფანტასტიკური შანსი გვაქვს. ცოტა მეტს ვიმუშავებთ, გამოვასწორებთ სუსტ მხარეებს, რათა მწყობრში ვიყოთ იმ ძირითადი ტურნირისთვის, რომელიც 26 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი ფოკუსი კაბო ვერდესთან მატჩისკენაა მიმართული. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი პირველი თამაში იქნება და ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად კარგად ვითამაშებთ, თამაშით ვისიამოვნებთ. ეს იქნება შესაძლებლობა, ვისწავლოთ და მოვემზადოთ იმ მატჩებისთვის, რომლებიც მალე გველოდება“, - თქვა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრალიასთან მატჩი მედიისთვის დახურული იქნება, შესაბამისად, მისი ტრანსლირება არ მოხდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიას (28 აგვისტო) და ვენესუელას (30 აგვისტო) დაუპირისპირდება.

0.103405