„იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზე“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და სეზონი კარგად დაიწყო. ტურინულ გრანდში დებიუტი ჰქონდა 18 წლის თურქ ფეხბურთელ ქენან ილდიზს, რომელსაც მასიმილიანო ალეგრიმ თმების შეჭრა ურჩია.
„ხვალ წავა და თმებს შეიჭრის, რადგან ასჯერ შეეხო. მას აქვს კარგი ტექნიკური თვისებები და დიდი პოტენციალი გააჩნია“, - თქვა ალეგრიმ ახალგაზრდა თურქ ფეხბურთელზე.
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა კომენტარი ფედერიკო კიეზაზეც გააკეთა, რომელსაც თავდამსხმელის როლში ხედავს. „ჩემთვის კიეზა თავდამსხმელია, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ თავდამსხმელია. ფლანგზე როცა თამაშობს, მარტო რჩება, თავდასხმაში კი შეუძლია სეზონში 14-16 გოლის გატანა და ვფიქრობ, ამ სეზონში გაიტანს“.
ალეგრიმ „იუვეს“ მწვრთნელის რანგში 250-ე თამაში მოიგო, რითაც მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის ჩამორჩება (319): „ჩემთვის საამაყოა „იუვენტუსში“ 8 წლის განმავლობაში მუშაობა, ძალიან ბედნიერი ვარ. იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ტრაპატონის უკან ყოფნა საამაყოა. სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, საჭიროა თავი სხვანაირად დავიცვათ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიწაზე უნდა დავრჩეთ“, - აღნიშნა ალეგრიმ.