ფეხბურთი

22:24 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი ისევ ბრწყინავს
"ნაპოლიმ" კვარას გარეშე მოიგო, სერია A-ში კვერნაძის დებიუტი შედგა

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი „ნაპოლიმ“ შესანიშნავად და იოლი გამარჯვებით დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა ელიტაში ახლახან დაბრუნებულ „ფროზინონეს“ მისსავე მოედანზე 3:1 აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელიას მცირე ტრავმა აქვს და არ უთამაშია, სამაგიეროდ, სერია A-ში დებიუტი ჰქონდა გიორგი კვერნაძეს, რომელიც თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი ფეხბურთელი დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს და ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის. გიორგი კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ მეხუთე ქართველია, რომელმაც სერია A-ში ითამაშა.

„ფროზინონესთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო. ნეაპოლელეთა დებიუტანტმა იენს კაიუსტემ პენალტი აიკიდა, რომელიც მე-7 წუთზე აბდუ ჰარუიმ გოლად აქცია და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველი გოლის ავტორი გახდა.

„ნაპოლი“ დიდი ხანი არ ყოფილა მდევრის რანგში: 24-ე წუთზე მატეო პოლიტანომ შეძლო გათანაბრება, ხოლო ტაიმის მიწურულს პირადი ანგარიში ვიქტორ ოსიმენმაც გახსნა, რომელიც კვლავინდებურად ბრწყინვალე ფორმაშია და ცალსახად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ნიგერიელმა 79-ე წუთზე დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, რუდი გარსიას ოფიციალური დებიუტი „აძურიში“ კარგი გამოვიდა.

სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ 27 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ ერთი დღით ადრე ასევე შინ ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

"ფროზინონე" - "ნაპოლი" 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 ჰარუი (7), 1:1 პოლიტანო (24), 1:2 ოსიმენი (42), 1:3 ოსიმენი (79)

0.127625