ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კარიერის დასრულების გადაწყვეტილების გარდა, სერია A-ს ახალ სეზონზე ისაუბრა.
მისი აზრით, მთავარი ფავორიტი „ნაპოლია“, ხოლო მისი კონკურენტები „ინტერი“ და „იუვენტუსი“ იქნებიან.
„კარგი, სანახაობრივი სეზონი იქნება. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონის რანგში არ ითამაშებს „იუვე“, „ინტერი“ და „მილანი“. ასეთი იქნება „ნაპოლი“, რომელსაც დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა და უპირატესობით იწყებს. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ფავორიტი? „ნაპოლი“, „ინტერი“ და „იუვე“. ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მათ გარდა, „მილანი“, „ლაციო“ და „რომა“ იბრძოლებენ.
მაინტერესებს როგორ მოახერხებენ „ნაპოლი“ და მთლიანად ქალაქ პოსტსკუდეტოს პერიოდის მართვას, რაც არასდროს არის მარტივი. ასევე ძალიან მაინტერესებს „მილანი“, ალბათ, ყველაზე მეტად ეს გუნდი მაინტრიგებს. „ინტერს“ ჰყავს ლაუტარო მარტინესი, მართალია ლუკაკუს და ჯეკოს გარეშეა, მაგრამ ტურამსა და არნაუტოვიჩთან ერთად „ინტერი“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
„იუვენტუსს“ ყურადღებით და ინტერესით ვაკვირდები. ის ფაქტი, რომ გუნდი ევროთასებზე არ ითამაშებს, შეიძლება გადამწყვეტი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში: ნაკლები თამაში, ნაკლები ტრავმა, მეტი ვარჯიში. „რომამ“ შესანიშნავი ტრანსფერები გააკეთა, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.
ფეხბურთელებიდან ყველაზე კარგად ვინ ითამაშებს? „ძმობის“ ორ სახელს ვიტყვი: ფედერიკო კიეზას და მარკუს ტურამს. მათი მამების თანაგუნდელი ვიყავი, მახსოვს ისინი, რომ დაიბადნენ. ლოგიკურია, რომ მათი წარმატება მინდა. ასევე ვიტყოდი დიბალას, რომელიც ნამდვილი ჩემპიონია.
კარიერის დასრულება? არაფერს ვნანობ. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, ეს ემოციების ნაყოფიცაა, ბოლომდე მივედი. ჩემს თავს მაშინ ვუთხარი, რომ საკმარისი იყო, როდესაც პლეი-ოფში „კალიარისთან“ მატჩის შესვენება იყო, რადგან იმ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადე, მაგრამ ბანალურად ტრავმა მაინც მივიღე. ზოგჯერ ცხოვრება გიგზავნის მკაფიო სიგნალს, ეს იყო მომენტი, როცა ჩემი კარიერის დასრულების დრო დადგა. ასეც მოვიქეცი. ვიმეორებ: არაფერს ვნანობ, ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რასაც ჩემს კარიერაში მივაღწიე“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის მეკარემ კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ბუფონი სერია A-ს რეკორდსმენია სკუდეტოს რაოდენობით (10), ზედიზედ მშრალად შენახული კარით (974 წუთი) და ჩატარებული მატჩების რაოდენობით (657).