ფეხბურთი

13:26 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: იტალიის ნაკრებში სპალეტის დანიშვნა გადაწყდა

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშვნა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ დაადასტურებს და მწვრთნელს 3-წლიან კონტრაქტს გაფორმებს.

სპალეტიმ ფედერაციას მუშაობაზე მზაობა ინტერესის პირველივე დღიდან დაუდასტურა, თუმცა, „ნაპოლისთან“ არსებული ცალმხრივი კონტრაქტის გამო საბოლო პასუხისგან მაინც თავს იკავებდა, რადგან არ სურს თავისი ყოფილი კლუბის პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის დაწყება. მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კომპენსაციის საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

წყაროს თანახმად, ლუჩანო სპალეტის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება და სწორედ 21 აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას. იტალიის ნაკრებს 9 და 12 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან, ფაქტობრივად, გადამწყვეტი შეხვედრები, რის გამოც ფედერაციას მწვრთნელის საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი აქვს, რადგან მატჩებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ბოლო ორი წელი „ნაპოლიში“ იმუშავა, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახადა, მაგრამ კლუბი თავისი სურვილით გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

0.111965