ფეხბურთი

12:29 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯოს ინტერვიუ "ნაპოლიზე", კვარაცხელიაზე, სერია A-ზე, არაბეთსა და საბედისწერო პენალტზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ Gazzetta Dello Sport-ის ყოველკვირეულ გამოცემა Sport Week-ს ინტერვიუ მისცა, რომლის სრული ვერსია ხვალ უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ მანამდეც გამოაქვეყნეს დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბაჯომ ისაუბრა „ნაპოლის“ შესახებ, საკუთარ თავზე, სერია A-ს ახალ სეზონსა და საუდის არაბეთში ფეხბურთელების გადინების პროცესზეც.

- სერია A იწყება. გენატრებათ ფეხბურთი? რა აკლია დღევანდელ ფეხბურთს?

- აბსოლუტურად მშურს მათი, ვისაც დღეს თამაში ისევ შეუძლია. ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა, დროდადრო ვფიქრობ იმაზე, თუ რა სიხარულს მანიჭებდა ბურთით რაღაცის გაკეთება. თუმცა, ასევე სიამოვნებას ვიღებდი ვარჯიშის დაღლილობისგან.

- მეგობრებში ჯერ კიდევ თამაშობთ?

- 2014 წელს რომის პაპის ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩში ითამაშე რომში. მაშინ იქ მოედანზე მარადონაც იყო და მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა. სამი თვის განმავლობაში ბოლონიაში მივდიოდი და კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდი, რათა ერთი ტაიმი მაინც მეთამაშა. რომში ერთი ტაიმი ვითამაშე, მაგრამ შემდეგ ვთქვი: აღარასდროს ვითამაშებ.

- მიიღებდა თუ არა, ბაჯო არაბეთიდან კოსმოსურ შეთავაზებას?

- არ ვიცი. თავის დროზე მნიშვნელოვანი შეთავაზებები მივიღე ესპანეთიდან და შემდეგ განსაკუთრებით იაპონიიდან, მაგრამ მე მქონდა ფიქსირებული მიზანი - ეროვნული ნაკრები. იტალიაში დარჩენა მინდოდა, რომ „სკუადრა აძურაში“ ისევ მეთამაშა. იაპონიაში წასვლა მინდოდა, ოღონდ 2002 წლის მუნდიალზე“.

- რას ფიქრობთ „ნაპოლის“ სკუდეტოზე?

- ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ეს იყო გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში თავს საუკეთესოდ გამოხატავდა. ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა, ისეთი ძლიერი ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ, როგორებიც კვარაცხელია და ოსიმენი არიან, მაგრამ ძალიან მომწონდა კიმიც. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ფეხბურთისთვის კარგია, რომ სკუდეტო ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც ჩვეულებრივი გუნდებისგან განსხვავდებოდა. პრეზიდენტ დე ლაურენტისს, სპალეტის, ყველას უნდა მივულოცო. მათ ძველი გუნდი დაშალეს და ძალიან ძლიერი ააშენეს.

- არის რაიმე ამ „ნაპოლიში“, რაც მარადონას გუნდს მოგაგონებთ?

- ფეხბურთის თამაშის სიხარული. არ არის სიმართლე, რომ 80-იანი წლების „ნაპოლი“ მხოლოდ მარადონა იყო. ისეთი ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავდათ, როგორებიც კარეკა, დე ნაპოლი, კარნევალი არიან. დიეგოს უკან ძალიან ძლიერი ჯგუფი იყო.

- მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად ვინ გაძლიერდა?

- თვალს განსაკუთრებით არ ვადევნებდი, მაგრამ ორი ტრანსფერი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ტონალის „ნიუკასლში“ გადასვლა, რასაც არ ველოდი. მის გარეშე „მილანი“ ბევრს კარგავს. მეორე არის „ინტერში“ ფრატეზის გადასვლა, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. კარგი ტრანსფერია.

- ვინ მიგაჩნიათ სკუდეტოს ფავორიტად?

- ახლა ძნელი გასაგებია. ყველამ რაღაც შეცვალა და განსაკუთრებით მილანური გუნდები შეიცვალნენ, ცდილობენ გაძლიერებას, მაგრამ დრო დასჭირდებათ სწორი ბალანსის მოსაძებნად. „ნაპოლის“ სურს გაიმეოროს შარშანდელი წარმატება და „იუვე“ შეეცდება დაიბრუნოს ძველი ფორმა, თანაც ის უპირატესობა აქვს, რომ მხოლოდ ჩემპიონატში თამაშობს და ყველაფერს სერია A-ში გააკეთებს. მნიშვნელოვანი იქნება როგორ დაიწყებენ გუნდები სეზონს, გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ კარგად დაიწყო და შემდეგ თამაში თავდაჯერებულმა განაგრძო.

- თქვენ მსოფლიო ფეხბურთის საკულტო ჩემპიონი ხართ და ასევე სარგებლობთ თქვენი ყოფილი მეტოქეების უპირობო პატივისცემით...

- ვერ დავმალავ, რომ ეს მომწონს. ვფიქრობ, ყოველთვის პატიოსნად და სერიოზულად ვიქცევი ყველასთან. ჩემმა უმცროსმა შვილმა მომიყვა ერთი ამბავი, რამაც დამამშვიდა. ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე ერთად ვიყავით და ჩემი ვაჟი ერთ-ერთ ფეხბურთელს მიუახლოვდა ავტოგრაფის სათხოვნელად. მან თქვა: „ლეონარდო ბაჯო ვარ, მამაჩემი თქვენთან ერთად თამაშობდა“. მან კი თავისი შეუდარებელი ღიმილით უპასუხა: „არა, მე ვარ ის, ვისაც მამაშენთან თამაშის პატივი ჰქონდა“.

- ვინ იყო?

- ერთი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარ არის - ჯანლუკა ვიალი. ჩემი შვილი 2005 წელს დაიბადა, როცა უკვე აღარ ვთამაშობდი, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვუყვარვარ და მეუბნება, რომ რაღაც კარგი გავაკეთე. ხალხის სიყვარული და ჩემი კოლეგების პატივისცემა სიამაყით მავსებს.

- 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტი გააცუდეთ. მოახერხეთ თქვენს გონებაში მაინც მშვიდობის დამყარება?

- მშვიდობა ძლიერი სიტყვაა... ეს არის ის, რისი წაშლაც შეუძლებელია. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ოცნება იყო, რომელიც ბავშვობიდან მქონდა და ამერიკაში ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა, რაზეც არც კი მიფიქრია. თქვენ არ იცით, რამდენჯერ ვოცნებობდი ფინალში თამაშზე, გოლის გატანაზე და გამარჯვებაზე, რომ იტალია გამეხარებინა. სამაგიეროდ, სურვილების მატარებელი პირიქით წავიდა...

- თუმცა ამბობენ, რომ ასეთი მომენტიდან სწავლობენ, იზრდებიან...

- დღეს შეიძლება ასე ვიფიქრო, მაგრამ იმ დღეს, მეორე დღეს და შემდეგ თვეებში, ვინც ამბობდა, რომ ამ წაგებამ რაღაც გვასწავლა, ჭკუიდან შეშლილი მეგონა. იმ მომენტში ტკივილს გრძნობ, მაგრამ ასევე უნდა გადაწყვიტო, ვინ გინდა იყო მომავალში: შეგიძლია მთელი ცხოვრება ინანო ან შეგიძლია თავი ასწიო და მოუთმენლად ელოდო რევანშს. ეს არჩევანი განსაზღვრავს ვინ იქნები მომავალში. დიახ, ამ თვალსაზრისით ეს ზრდის მომენტი იყო.

0.129345