ფეხბურთი

14:16 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიურ კლუბში ივა გელაშვილის ტრანსფერი გადაწყდა და დეტალებიც ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას „სპეციაში“ გააგრძელებს. Tuttomercato-ს ცნობით, ყველა დეტალი შეთანხმებულია.

22 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. როგორც გამოცემა წერს, გამოსყიდვის შემთხვევაში ივას იტალიელები 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ივა გელაშვილმა კარიერა პრაღის „სპარტაში“ დაიწყო და საქართველოსთან ერთად ჩეხეთის მოქალაქეცაა. ის ეროვნულ ლიგაში ჯერ „სიონში“ გამოდიოდა, 2023 წლიდან კი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, სადაც „დინამო ბათუმს“ ყავდა განათხოვრებული. ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე 4 თამაში ჩაატარა, თანაც თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინა.

ასე რომ, გელაშვილი მეოთხე ქართველი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი), გიორგი კვერნაძის (ფროზინონე) და ლუკა ლოჩოშვილის (კრემონეზე) შემდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონს იტალიაში გაატარებს.

„სპეცია“ ბოლო 3 სეზონი სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში პლეი-აუტში „ვერონასთან“ წააგო და დაქვეითდა, შესაბამისად, მიმდინარე სეზონს სერია B-ში გაატარებს, რომლის პირველ ტურში 20 აგვისტოს, „სუდტიროლს“ ესტუმრება. სხვათა შორის, „სპეციას“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინია, რომელიც გასული სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეს“ ედგა სათავეში და ლუკა ლოჩოშვილს მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.

0.102083