ფეხბურთი

0:19 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილეები და წყვილები გაირკვა

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩატარდა, შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა, რომელთა შორის იქნება დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“.

სამაგიეროდ, ასპარეზობას გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთვნენ „სლოვანი“ (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა) და „შტურმი“ (ოთარ კიტეიშვილი).

როგორც ვთქვით, ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანი“, რომლისთვისაც ჰაიფას „მაკაბი“ ზედმეტად ძლიერი გამოდგა. ისრაელის ჩემპიონმა ჯერ სლოვაკეთში აჯობა მეტოქეს (2:1), ახლა კი შინაც სძლია (3:1) და პლეი-ოფში გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა დღევანდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს ამავე ტურნირის ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლას, თუ არ გამოუვა, კონფერენს ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გარანტირებული აქვს. ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბრატისლავის „სლოვანი“ კვიპროსულ „არისს“ დაუპირისპირდება.

სამაგიეროდ, პლეი-ოფშია დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში „სპარტა“ პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. დანიაში გუნდები უგოლოდ დაზავდნენ, ჩეხეთში 90 წუთში თითო გოლი გაიტანეს, ხოლო დამატებით დროში 2-2. პრაღელები დამატებით დროში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ანგარიში ვერც ერთხელ შეინარჩუნეს და მერე პენალტებიც წააგეს. ხოჭოლავა ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ პსვ ეინდჰოვენის კონკურენცია ვერ გაუწია. ავსტრიელებმა ჯერ სტუმრად წააგეს 1:4, ხოლო შინ ანგარიში გახსნეს, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვეს და - 1:3, ორი მატჩის ჯამში კი - 2:7. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 71-ე წუთამდე იყო. ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოვიდა, მაგრამ „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

„გალათასარიამ“ „ოლიმპიას“ ჯერ სტუმრად აჯობა 3:0, ახლა შინ 1:0 და პლეი-ოფშია. ასევე ადვილად იმარჯვა „ბრაგამ“, რომელმაც გასვლაზე „ბაჩკა ტოპოლა“ 4:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი - 7:1. ათენის „აეკმა“ ზაგრებში „დინამოს“ 2:1 მოუგო. თუმცა, ამ გუნდების პირველი მატჩი ბერძენი ფანის მკვლელობის გამო არ ჩატარებულა და ჯერ შესაბამისად, არ არის ცნობილი, ვინ ითამაშებს პლეი-ოფში.

„კლაკსვიკმა“ პლეი-ოფში გასვლა ვეღარ შეძლო. ფარერების ჩემპიონმა ნორვეგიულ „მიოლდეს“ შინ 2:1 აჯობა, სტუმრად ბევრი იბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ძირითადი დრო 0:1 დათმო, მერე დამატებით დროში მეორეც გაუშვა, 0:2 წააგო და ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა. „კლაკსვიკი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს და სულ მცირე, კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში განაღდებული აქვს.

"რეინჯერსმა" ჟენევის "სერვეტთან" შინ მოპოვებული უპირატესობა (2:1), შვეიცარიაში შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გოლი გაუშვა, მერე გაათანაბრა და 1:1 საკმარისი იყო, შოტლანდიელები პლეი-ოფში რომ გასულიყვნენ.

ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა "მარსელი", რომელმაც ათენში, "პანათინაიკოსთან" პირველი მატჩი 0:1 წააგო, ხოლო შინ ბოლო წამებამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ გაუშვა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც არაფერი შეცვლილა. პენალტების სერიაში ბერძნები უშეცდომონი იყვნენ - 5:3 და "პანა", რომელიც დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში არ ყოფილა, პლეი-ოფში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონი „არისი“ მეორე მატჩშიც დაამარცხა (1:0), ორი მატჩის ჯამში კი 3:2 იმარჯვა.

„არისი“ – „რაკუვი“ 0:1 (ორი მატჩის ჯამში: 1:3)

„მაკაბი“ – „სლოვანი“ 3:1 (5:2)

„მიოლდე“ – „კლაკსვიკი“ 2:0 (3:2)

„სპარტა“ – „კოპენჰაგენი“ 3:3 პენ: 2:4 (3:3)

„დინამო ზაგრები“ – „აეკ“ 1:2 (ერთი მატჩი ამ გუნდებს შორის გასამართია)

„გალათასარაი“ – „ოლიმპია“ 1:0 (4:0)

„ბაჩკა ტოპოლა“ – „ბრაგა“ 1:4 (1:7)

"შტურმი" - პსვ ეინდჰოვენი" 1:3 (2:7)

"სერვეტი" - "რეინჯერსი" 1:1 (2:3)

„მარსელი“ – „პანათინაიკოსი“ 2:1 პენ: 3:5 (2:2)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 22/23 და 29/30 აგვისტოს გაიმართება, წყვილები კი ასეთია:

„მაკაბი“ (ისრაელი) – „იანგ ბოისი“ (შვეიცარია)

„ანტვერპენი“ (ბელგია) – „დინამო ზაგრები“ (ხორვატია) ან აეკ (საბერძნეთი)

„რაკუვი“ (პოლონეთი) – „კოპენჰაგენი“ (დანია)

„მიოლდე“ (ნორვეგია) – „გალათასარაი“ (თურქეთი)

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

"ბრაგა" (პორტუგალია) - "პანათინაიკოსი" (საბერძნეთი)

0.14934