საუდის არაბეთის ფეხბურთის ასოციაციას თავიანთი კლუბების ჩემპიონთა ლიგაში ჩართვა სურთ. ირკვევა, რომ არაბები უეფას მოთხოვნით მიმართავენ, რათა 2024-2025 წლების სეზონიდან საუდის არაბეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაერთოს, როდესაც უეფა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფორმატს შეცვლის.
რა თქმა უნდა, აზიის კონტინენტის წარმომადგენელს უეფას შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვს, მაგრამ არაბები მათთვის „უაილდ ქარდის“ შემოღებას ითხოვენ, რის შედეგადაც საუდის არაბეთის ჩემპიონი ტურნირში მონაწილეობას გამონაკლისის სახით შეძლებს.
საუდის არაბეთში ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი ჩემპიონის თამაში ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და არაბული ფეხბურთის საერთაშორისო პრესტიჟიც გაიზრდება.
არაბები უეფას აღნიშნული წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ, შესაბამისად, ჯერ უეფას პოზიცია საკითხთან დაკავშირებით უცნობია. თუმცა, საუდის არაბეთის ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული მართლაც არაფერია. საუდის არაბეთში უკვე ტარდება სხვადასხვა ტურნირები, მათ შორის, იტალიის და ესპანეთის სუპერთასები, რის გამოც ამ ტურნირის ფორმატიც კი შეცვალეს. 2024 წელს, არაბეთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიცაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე გაზარდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში არაბულმა კლუბებმა ყველაზე მეტი ფეხბურთელი დაიმატეს და არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს.