საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში ირანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა.
შეხვედრა მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურული იყო. საბოლოოდ, ილიას ზუროსის გუნდმა, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, ირანს 84:72 აჯობა და ზედიზედ მესამედ იმარჯვა.
მანამდე, საქართველოს ნაკრებმა თბილისის მერიის თასი მოიგო, სადაც იორდანიისა და მონტენეგროს ნაკრებების დამარცხება მოახერხა.
საქართველოს ნაკრებს 17 ქულით გიორგი შერმადინმა ულიდერა, 14 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, ხოლო გიორგი ტურძილაძემ 11 ქულა დააგროვა.
ზუროსის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან აქვს დაგეგმილი. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში კი, საქართველოს ნაკრები კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიისა (28 აგვისტო) და ვენესუელას ნაკრებებს (30 აგვისტოს) დაუპირისპირდება.