კალათბურთი

20:52 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ მონტენეგრო დაამარცხა და მერიის თასი მოიგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის მერიის თასი მოიგო, რომლის ფინალში მონტენეგროს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 84:79 დაამარცხა.

ილიას ზუროსის გუნდმა თამაში ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგო. მეორე და მესამე პერიოდები უკვე მონტენეგროელების იყო, რომლებმაც დასკვნითი ათწუთეულის წინ 2 ქულით წინ გავიდნენ. თუმცა, გარდამტეხი და გადამწყვეტი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაშიც უფრო ყურადღებით ირჯებოდა და შეტევაშიც.

საბოლოოდ, ილიას ზუროსის გუნდმა ბოლო პერიოდი 26:19 მოიგო, ხოლო შეხვედრა 84:79 და მერიის თასზე იორდანიის შემდეგ მონტენეგროსაც აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველომ სამქულიანების 50%-ზე მეტი ჩააგდო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძემ და თად მაკფადენმა ულიდერეს. გოგამ 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, ხოლო მაკფადენმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის 4 სამქულიანი მას პირველ ტაიმში ჰქონდა ჩაგდებული, შედეგად, თადმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. შედეგიანი თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიასაც - 14 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. სანდრო მამუკელაშვილი 10 ქულით და 8 მოხსნით გამოირჩა, დუდა სანაძეს 10, გიორგი შერმადინს კი 7 ქულა ჰქონდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 14 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს ირანთან გამართავს, რომელიც მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან აქვს დაგეგმილი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში კი, ილიას ზუროსის გუნდი კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიისა (28 აგვისტო) და ვენესუელას ნაკრებებს (30 აგვისტოს) დაუპირისპირდება.

საქართველო - მონტენერგო 84:79 (26:16, 19:23, 13:21, 26:19)

0.116945