საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თბილისის მერიის თასზე იორდანიასთან გამარჯვების (86:69) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტი თამაშით კმაყოფილი იყო.
„გუნდურად კარგად ვითამაშეთ, ბურთსაც ვატრიალებდით, დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით. გახარებული ვარ გოგა ბითაძის დაბრუნებით. გვინდა, ყველა კალათბურთელი ჩვენთან იყოს, რომ დანიშნულების წერტილამდე შეთამაშებულები მივიდეთ.
ასე თუ განვაგრძობთ, კარგი შედეგი გვექნება. ამისთვის თავგანწირვაა საჭირო. მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ იქ. ამიტომ, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ და იმედი მაქვს, ხვალ, ფინალზე, დარბაზი გაივსება.
მინდა, დავამატო ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – 24 პასი გვქონდა, რამაც ძალიან გამახარა. მიყვარს ახალგაზრდა კალათბურთელები, ყოველთვის ვაძლევ მათ შანსს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული შეხვედრა იყო, პირველ მატჩს ატარებდნენ ნაკრების მაისურით ქართველი გულშემატკივრის წინაშე. დიდ ყურადღებას ვაქცევ ახალგაზრდულ ნაკრებებს და მიხარია, რომ 16-წლამდელთა გუნდმა B დივიზიონში მიაღწია მაღალ შედეგს, გავიდა ნახევარფინალში“, - თქვა ზუროსმა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც: „ამ მატჩში ბევრი პოზიტივი დავინახეთ. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისიდან დღემდე პროგრესი ნამდვილად ჩანს. დაცვაშიც და შეტევაშიც იყო ბევრი კარგი ნიუანსი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ. ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ – გუნდურობაა“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველო და მონტენეგრო ერთმანეთს 13 აგვისტოს, 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან. მანამდე კი მე-3 ადგილისთვის ირანი და იორდანია შეხვდებიან.