„ვალენსიამ“ ლა ლიგის ახალი სეზონი მოულოდნელი გამარჯვებით დაიწყო და სტუმრად „სევილიას“ 2:1 აჯობა.
გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად ვერ შეინახა, გოლში ბოლომდე მისი დადანაშაულება რთულია, მაგრამ ალბათ, უფრო დამაჯერებლად მოქმედებაც შეიძლებოდა. ესპანურმა მედიამაც სწორედ ამაზე დაწერა, თუმცა, მთლიანობაში მისი თამაში მაღალი ქულით შეაფასეს.
Eldesmarque: „პირველ ტაიმში ადვილად გაანეიტრალა საშიშროება, რომელიც მის კართან დადგა, განსაკუთრებით ენ-ნესირისთან პირისპირ. გოლის მომენტში ალბათ, კარიდან უნდა გამოსულიყო. მეორე ტაიმში შესანიშნავი სეივი შეასრულა, მაგრამ ცოტა ხანში მეტოქეს აბსურდული კუთხური აჩუქა“.
AS: „თამაშის გარკვეულ მომენტებში არ იყო თავდაჯერებული და მეტის გაკეთება შეეძლო ენ-ნესირის გოლის დროს. თავისი გუნდი 99-ე წუთზე სუსოს დარტყმის შემდეგ შესანიშნავი სეივით გადაარჩინა“.
გიორგის თამაშით Eldesmarque-მ 7 ქულით შეაფასა, ისევე, როგორც Superdeporte-მ, თუმცა ეს გამოცემა მხოლოდ ქულის დაწერით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 18 აგვისტოს, „ლას პალმასს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.