ფეხბურთი

0:40 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "მეორე ტაიმში ავამაღლეთ ინტენსივობა და ხარისხი, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „აპოლონთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თამაში შეაფასა და ცალკეული ფეხბურთელების შესახებაც ილაპარაკა.

"პირველ ტაიმში ძალიან დაბალი ტემპი იყო. მოძრაობების ნაკლებობა იყო, მაგრამ მეორეში ავამაღლეთ ინტენსივობა და ხარისხი. შეგვეძლო ორზე მეტი გოლის გატანა. ახალმა მოთამაშეებმა აჩვენეს, რომ ისინი მზად არიან. შეკრებაზე 14 დღე ბევრია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ. ახლა, როცა მზადებას განვაახლებთ, კარგად მოვემზადებით, რადგან „ფროზინონეს“ წინააღმდეგ რთული იქნება და მზად უნდა ვიყოთ.

მინდა, რომ ოსიმენი ბედნიერი იყოს. კლუბმა და თვითონ ფეხბურთელმა კარგად იმუშავეს. ის ლიდერია, ჩვენ მას ვთხოვთ გოლებს, როდესაც კონტრაქტის განახლება ოფიციალურად დადასტურდება, შეეძლება მხოლოდ მოედანს მიუძღვნას თავი და ეს უფრო მომწონს.

ჟიელინსკის კონტრაქტი აქვს, როგორც ყველას. ყველამ ითამაშა დღეს საღამოს, იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მზად იქნებიან „ფროზინონესთვის“. კაიუსტეს შეუძლია სამივე პოზიციაზე ითამაშოს ნახევარდაცვაში, მას აქვს შესანიშნავი ტექნიკა, ის გვაძლევს ფიზიკურობას, მაღალია, მას შეუძლია ბურთების დაბრუნება. ის კარგად შეეგუება ჩვენს მსგავს გუნდს, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. ბედნიერი ვარ მისი ჩამოსვლით, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია ფიზიკურად გაუმჯობესება, ეს კარგი შენაძენია.

რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარე, მომეწონა ძერბინი შუაში. ყოველთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება, თუნდაც „აპოლონი“ არ იყოს უმაღლესი დონის გუნდი“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ პრესეზონზე 6 მატჩიდან 4 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონს განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეები არ ჰყავდა. კვარამ ამ 6 მატჩიდან ოთხში ითამაშა (არც ერთხელ შეუცვლელად) და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ სეზონს 19 აგვისტოს, „ფროზინონესთან“ საგარეო მატჩით გახსნის.

0.11351