ფეხბურთი

22:32 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ბოლო ამხანაგური მატჩი მოიგო: ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგურ მატჩში, ლიმასოლის „აპოლონთან“ ითამაშა. მართალია, ქართველმა ფეხბურთელმა უგოლო სერია ისევ ვერ შეწყვიტა, მაგრამ აქტიური იყო და რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა - ორჯერ არაზუსტად დაარტყა.

კვარამ თანაგუნდელებსაც შეუქმნა საგოლე მომენტები და სწორედ მისი აქტიურობით გაიხსნა ანგარიში. მე-60 წუთზე ხვიჩამ მატიას ოლივერა კარგ პოზიციაში დატოვა, რომლის პასით ვიქტორ ოსიმენმა ცარიელ კარში გაიტანა. 65-ე წუთზე ხვიჩა და გუნდის სხვა ლიდერები რუდი გარსიამ შეცვალა. მერე ჯოვანი სიმეონემ მეორეც გაიტანა და ნეაპოლელებმა 2:0 იმარჯვეს.

„ნაპოლიმ“ პრესეზონზე 6 მატჩიდან 4 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონს განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეები არ ჰყავდა. კვარამ ამ 6 მატჩიდან ოთხში ითამაშა (არც ერთხელ შეუცვლელად) და 1 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ სეზონს 19 აგვისტოს, „ფროზინონესთან“ საგარეო მატჩით გახსნის.

0.112115