საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი მთავარი ვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იანისმა ვერ მოახერხა გადაელახა პრობლემა, რომელიც მას მუხლზე აწუხებს და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს იქნება მეორე დიდი ტურნირი, რომელშიც ის ვერ ითამაშებს. მანამდე ტრავმის გამო ევრობასკეტი 2017-იც გამოტოვა.
„ყველამ იცის ჩემი გატაცება და სიყვარული ეროვნული ნაკრების მიმართ. NBA-ის სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ვყოფილიყავი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მინდოდა ვყოფილიყავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სამწუხაროდ, თვეების მუშაობისა და სამედიცინო გუნდთან მრავალი დისკუსიის შემდეგ, ახლა უკვე ნათელია, რომ მე ვერ დავბრუნდი იმ კონდიციამდე, რითაც შემეძლებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. ეს აშკარად არ იყო ჩემი არჩევანი და ახლა უნდა გავაგრძელო მუშაობა, რომ დავბრუნდე იმ ფორმაში, რომელშიც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიყავი. იმედგაცრუება დიდია, რადგან სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილება არჩევანს არ მიტოვებს. ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, რომ მზად ვიყო შემდეგ ჯერზე, როცა ნაკრებში გამომიძახებენ. ჩემი პირადი და გუნდური მიზანია 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა. მომდევნო წელს ოლიმპიადაზე ჩემი ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა ჩემთვის პატივი იქნება“, - დაწერა იანისმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ს, იორდანიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.