გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი არის მისი გუნდი როგორ ითამაშებს და მეტოქის სიძლიერეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„ძირითადად არ ვაქცევთ ყურადღებას რამდენად ძლიერია მეტოქე. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას დავუპირისპირებთ მეტოქეს. რა თქმა უნდა, „აპოელი“ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი წინა მეტოქეები, მაგრამ ჩვენც გავხდით ძლიერები, ვინაიდან ორი კარგი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას და უფრო თავდაჯერებულები გავხდით.
ქვილითაია და დვალი კარგი ფეხბურთელები არიან. ქვილითაია სახიფათო თავდამსხმელი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ინდივიდუალურად და გუნდურადაც. ჩვენს გუნდს აქვს თავისი სტილი, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. მთავარია, მეტოქე უბურთოდ დავტოვოთ და პრესინგი ვითამაშოთ. „ვოივოდინას“ პრესინგი არ იყო ინტენსიური და „აპოელსაც“ თამაში უფრო გაუადვილდა, სივრცეები ჰქონდა. ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. „აპოელს“ საინტერესო მწვრთნელი ჰყავს, ბევრი გადაადგილებები აქვს თამაშის დროს. საინტერესო მატჩი იქნება და მზად ვართ.
გული დაგვწყდა, რომ გორში ვერ ვთამაშობთ, რადგან იქ სხვა ატმოსფეროა. გუნდის ხელმძღვანელობას რამენაირად უნდა მოვთხოვოთ, რომ ისეთი სტადიონი გვქონდეს, შესაბამისი დონის მატჩების მასპინძლობა შეგვეძლოს. თუმცა, ერთადერთი ქართული გუნდი ვართ, რომელიც ევროთასებზე შემორჩა, ამიტომ არ ვთამაშობთ მხოლოდ გორისთვის, არამედ საქართველოსთვის. ახლა „დინამო არენაა“ ჩვენი სახლი და დარწმუნებული ვარ, გორელებიც და თბილისელებიც ბევრი მოვლენ სტადიონზე. უკეთესია, რომ პირველი მატჩი სტუმრად ყოფილიყო, მაგრამ წილისყრით ასე მოხდა და სხვა გზა არ არის. მაღალი ტემპერატურაც არის, თუმცა, უნდა ვითამაშოთ“, - თქვა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „აპოელის“ მატჩი 10 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.