ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ათენის აეკ-სა და „დინამო ზაგრებს“ შორის გადაიდო, რისი მიზეზიც ბერძენი გულშემატკივრის მკვლელობა გახდა.
თამაშის წინა დღეს, ხორვატ და ბერძენ ფანებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაშავდა. როგორც ცნობილია, აეკ-ის გულშემატკივარი ხორვატებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაუყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აეკ-მა დაღუპულის ფოტოც გამოაქვეყნა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ცნობილია, რომ 90-მდე გულშემატკივარი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ „დინამო ზაგრების“ ფანებს მატჩზე დასწრება უეფას მიერ აკრძალული ჰქონდათ, თუმცა, ისინი ათენში მაინც ჩავიდნენ და არეულობა მოაწყვეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა სანქციები დაეკისრება ზაგრებულ კლუბს, მაგრამ ცნობილია, რომ მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.