„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ გუნდში მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს ტრავმა, დანარჩენების დაზიანებები კი სერიოზული არ არის. ამ ორ ფეხბურთელში კი, მას ხვიჩა კვარაცხელია არ დაუსახელებია.
გარდა ამისა, ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ ამ სეზონისთვის განსხვავებულად ემზადება, ვიდრე ერთი წლის წინ წინა სეზონისთვის ემზადებოდა.
„ამხანაგური მატჩები მნიშვნელოვანია ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ამ დროს უნდა გაიგო ყველაფერი, გამოცადო სხვადასხვა რაღაცები. მაგალითად, დღეს ზოგიერთმა ფეხბურთელმა განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა, ოსტიგორი ნახევარდაცვაში კარგი გამოცდა იყო. კარგი მატჩიც გამოვიდა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „აუგსბურგია“, რომელიც ამ თამაშს ოფიციალურივით მიუდგა. ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრამ უფრო მკაფიო ნიშნები მომცა იმის შესახებ, თუ რა შემიძლია გავაკეთო ამ შემადგენლობასთან.
შარშანდელისგან განსხვავებით, როცა მოსამზადებელი ეტაპი გათვლილი იყო 4 თვეზე, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ უწყვეტი სეზონისთვის, ამიტომ ვცდილობთ ყველას სწორად მართვას. გუნდში ორი რეალური ტრავმირებულია, მარიო რუი და ანგისა, სხვების პრობლემები მსუბუქია. რუი სამშაბათს ვარჯიშს დაიწყებს, ანგისა კი ალბათ პირველი ტურისთვის მზად იქნება. დანარჩენები გვყავს "სატრანსფერო ბაზრის ტრავმებით" ან პრევენციის მიზნით დასვენებული ფეხბურთელები. ჟიელინსკი არაბეთში? თქვენ ჭკვიანი ბრძანდებით და მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. იმედი მაქვს, რომ აპოლონთან გვეყოლება დაახლოებით ისეთი შემადგენლობა, რომლითაც სეზონს დავიწყებთ.
ოსიმენი არაბეთში? არსებობენ ფეხბურთელები, რომელთაც კარიერის ბოლო აქვთ და შეუძლიათ ასეთი შეთავაზება მიიღონ, მაგრამ თუ სრულყოფილი მოთამაშე ხარ, წინ გაქვს საუკეთესო წლები, ასეთ შეთავაზებებს არც კი უყურებ. თუმცა, მე ვიქტორი არ ვარ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მთავარია, ყურადღება სპორტულ მხარეზე გავამახვილოთ და არა სატრანსფერო ბაზრის ჭორებზე.
ნატანი ბრაზილიელი მცველია, რომელიც „ფლამენგოში“ გაიზარდა და შემდეგ „რედ ბულ ბრაგანტინომ“ აიყვანა. კარგად ვიცი, როგორ თამაშობენ რედ ბულის მფლობელობაში მყოფი გუნდები, ისინი პრესინგს თამაშობენ და ძალისმიერ ფეხბურთს. ჩვენთვის შესაფერისი ფეხბურთელია, მაგრამ დრო უნდა მივცეთ, რომ ჩვენს თამაშს მოერგოს. ამ საღამოს სპეციალური ვახშამი გვაქვს და ნეაპოლიტანურ პიცას შევჭამთ“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება, რომელშიც გიორგი კვერნაძე თამაშობს, ხოლო 11 აგვისტოს, ამხანაგურ თამაშს ლიმასოლის „აპოლონთან“ გამართავს.