საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან სამ დღეში, ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა - ახალ ამპლუაში.
45 წლის ლეგენდარული მეკარე იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. „სკუადრა აძურაში“ ბოლოს ამ პოსტს ჯანლუკა ვიალი იკავებდა, ხოლო მანამდე წლების განმავლობაში ჯიჯი რივა.
„ვბრუნდები ნაკრებში, რადგან იმ ბავშვს, რომელმაც 30 წლის წინ პირველად გადალახა კოვერჩანოს კარიბჭე, ისევ სურს იოცნებოს და იცხოვროს ამ ოცნებებით იტალიელ გულშემატკივრებთან ერთად“, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებს ბუფონის გარდა, ანდრეა ბარძალიც შეუერთდა, რომელიც რობერტო მანჩინის შტაბში იმუშავებს, კონკრეტულად, დაცვის ხაზთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში 1997-2018 წლებში 176 თამაში ჩაატარა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ასევე არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ბუფონი ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია და მეორეადგილოსან ფაბიო კანავაროს 40 თამაშით უსწრებს.