ფეხბურთი

14:24 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა სერია A-ს პირველ ტურში ვერ ითამაშოს

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა შესაძლოა იმაზე სერიოზული გამოდგეს, ვიდრე პირველმა გამოკვლევამ აჩვენა. ამის შესახებ Il Mattino წერს.

იტალიური გამოცემის თანახმად, რუდი გარსიას ეშინია, რომ ქართველი ფეხბურთელის დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე ვარაუდობენ. ამიტომაც, სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონესთან“ მატჩში ხვიჩას მონაწილეობა, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართება, ეჭვქვეშაა. წყაროს თანახმად, შესაძლოა, კვარაცხელიას უბრალო დაჟეჟილობა არ ჰქონდეს და მუხლზე უფრო სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდეს. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად და სიტუაციაში უკეთ გასარკვევად დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.

თუმცა, კიდევ ერთი იტალიური გამოცემა La Repubblica სულ სხვაგვარად ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან ხვიჩას ტრავმა არ არის სერიოზული და რამდენიმე დღეში დაბრუნდება, „აუგსბურგთან“ 6 აგვისტოს გასამართ ამხანაგურ მატჩში კი ალბათ, ვერ ითამაშებს.

Calciomercato კი ვარაუდობს, რომ კვარა 11 აგვისტოს, "აპოლონთან" ამხანაგური მატჩისთვის შეიძლება მზად იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვიჩას მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს, ამ დროისთვის კი მთლიანობააში მის დაზიანებაზე განსაკუთრებული შეშფოთება მაინც არ არის.

შესაბამისად, ხვიჩას ტრავმის ხარისხი მომდევნო დღეებში უფრო მეტად დაზუსტდება. სერია A-ს დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი. აქვე გეტყვით, რომ დღეს კვარამ სპორტდარბაზში მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

0.112803