ფეხბურთი

22:58 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" "ვორსკლას" ბარიერიც დაძლია და მესამე ეტაპზეა!

ალბათ, სხვებზე მწირი რესურსი, ნამდვილად სხვებზე მოკლე სათადარიგო სკამი და ფინანსური შესაძლებლობები - და მაინც, გორის „დილა“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა შეძლო.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა პოლტავას „ვორსკლასთან“ სტუმრად მარცხის მერე, შინ 3:1 იმარჯვა, ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და მეორე ეტაპიც დაძლია!

გორის „დილა“ უპირატესობას თამაშის დასაწყისიდან დაეუფლა და საგოლე მომენტებიც შექმნა, რომელსაც ტაიმის ბოლომდე ვერ იყენებდა. თუმცა, ანდრეი დემჩენკოს გუნდს აქტიურობა დაუფასდა. 45-ე წუთზე ალეფ სანტოსის დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ოთარ ფარულავამ დაასწრო და ანგარიში გახსნა, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში გორელებმა უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს, გასარისკი უკვე აღარაფერი ჰქონდათ და შანსს ელოდნენ. მეორე მხრივ, „ვორსკლაც“ უკეთ ათამაშდა. თუმცა, 71-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს. ტიერი გეილის დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ მიკოლა კოვტალიუკი დარჩა, რომელმაც მეტოქე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა - 2:0. ეს უკვე ორი მატჩის ჯამში „დილას“ წინ გასვლას ნიშნავდა!

თუმცა, სამ წუთში რუსლან სტეპანიუკმა უკრაინული გუნდი თამაშში დააბრუნა. მან მცველს და მეკარეს დაასწრო და სხვაობა შეამცირა, ორი მატჩის ჯამში კი ყველაფერი თანაბარი გახდა. მატჩი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ გორის „დილამ“ მესამე გოლი მაინც გაიტანა!

86-ე წუთზე თორნიკე ძოწენიძის გრძელი პასის მერე გეილი შეიჭრა საჯარიმოში, მეკარეს და მცველს აჯობა, ზუსტად დაარტყა და 3:1! მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გორელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, ცარიელი კარის წინ კოვტალიუკი ბურთს ოდნავ ვერ შესწვდა, თორემ დუბლს შეასრულებდა.

თუმცა, ამას არაფერი შეუცვლია: „დილამ“ ეს მატჩი 3:1, ორი შეხვედრის ჯამში კი, 4:3 მოიგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!

„დილამ“ პირველ წრეში „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა (1:2, 2:0), ახლა მის გზას პოლტავას „ვორსკლაც“ გაუყენა (1:2, 3:1). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-17 აგვისტოს, „დილას“ მეტოქე ნიქოზიის „აპოელი“ იქნება, სადაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ. პირველი მატჩი გორში გაიმართება, საპასუხო - კვიპროსში.

„დილა“ – „ვორსლკა“ 3:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„დილა“ (4-3-3): კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონი; ჟან ვიქტორი, ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 62); გომისი (კუხიანიძე 76), კოვტალიუკი, გეილი (გაფრინდაშვილი 90)

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„ვორსკლა“ (4-4-2): ისენკო; პერდუტა, ჩესნაკოვი (კრიპჩუკი 73), ტიაგო სანტანა, კრუპსკი (ნესტერენკო 56); ფელიპე როდრიგესი (ბაცულა 36), პავლიუკი, სკლიარი, კანე; იურჩენკო (ჩელაიდინი 73), სტეპანიუკი

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სპენიუკი (74), 3:1 გეილი (86)

გაფრთხილება: თევზაძე (62) - პავლიუკი (10), ტიაგო სანტანა (60), კანე (69), ნესტერენკო (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 7 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: სიმონე სოცა (იტალია)

0.128692