რა უნდა ითქვას? ალბათ, აღარაფერი. „დინამო თბილისმა“ მალტის ჩემპიონ „ჰამრუნ სპარტანსთან“ ერთი კვირის წინ სტუმრად წაგების მერე, შინაც წააგო და ევროთასებს უიმედოდ დაემშვიდობა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ნამდვილად ჰქონდა, რადგან ერთბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოეფხვრა, მაგრამ ვერ მოახერხა... უკვე მერამდენედ მოხდა ასეთი რამ? თანაც, როგორ ვერ მოახერხა? ესეც ხომ საკითხავია!
პირველ ტაიმში თბილისელებმა მეტოქის დაცვას ხიფათი პრაქტიკულად ვერ შეუქმნეს, ძალიან ნელ ტემპში ითამაშეს და ლოგიკურია, რომ ლუჩანო ძაურის გუნდმა კარი მშრალად შეინახა. ტაიმის ბოლოს კი, მასპინძელთა შეცდომაც გამოიყენეს, რაც უროს დიურანოვიჩმა გოლით დაასრულა - 0:1.
„ჰამრუნმა“ ტაიმი მოიგო და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა. შესვენებაზე, გვირაბში ჩხუბის გამო სტუმართაგან გოლის ავტორი დიურანოვიჩი გააძევეს, შესაბამისად, მალტელებმა მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ითამაშეს, მაგრამ „დინამოსთვის“ ამან რაიმე შეცვალა? არა, არა, არა!
მიუხედავად იმისა, რომ „დინამოს“ მეორე ტაიმში უკვე აშკარა უპირატესობა ჰქონდა, საგოლე მომენტებიც შექმნა, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, ეს არ იყო საკმარისი. არაფერი იყო საკმარისი, არც მონდომება, არც კლასი, არც სტრატეგია, არც ტაქტიკა, არც ტექნიკა, საერთოდ არაფერი.
„ჰამრუნმა“ „დინამო არენაზე“ 1:0, ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა. „დინამო თბილისმა“ კი, თავისი და ქართული ფეხბურთის ისტორიას მორიგი სამარცხვინო ფურცელი შემატა.
„დინამო თბილისი“ – „ჰამრუნი“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:3
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): ლორია; მაისურაძე (მალი 46), ხვადაგიანი, კალანდაძე, კობოური (ლაკვეხელიანი 57); მექვაბიშვილი, ოსეი (მოისწრაფიშვილი 57); ხარაიშვილი, იმრანი, კამარა (ოდიშარია 74); მარუშიჩი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
„ჰამრუნი“ (4-4-2): მარკეტი; ბორგი (ბილიჩი 90), ემერსონი, ბიელიჩიჩი, მბონგი (კორბალანი 76); ელიონაი (კრსტიჩი 57), პრსა, ედერი (ნენოი 57), ჩამენზული; პენტსილი (ჯონი 76), დიურანოვიჩი
მწვრთნელი: ლუჩანო ძაური
გოლი: 0:1 დიურანოვიჩი 45)
გაფრთხილება: ოსეი (37) - მარკეტი (89)
გაძევება: დიურანოვიჩი (46)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 3 (2) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ვიქტორ შიმუსიკი (ბელარუსი)