ფეხბურთი

21:20 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ვებგვერდი: "კვერნაძე კვარაცხელიას კვალდაკვალ"

იტალიის სერია A-ს ვებგვერდზე „ფროზინონეს“ ქართველი ახალწვეულის, გიორგი კვერნაძის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

„კვერნაძე კვარაცხელიას კვალდაკვალ“ - წერს ოფიციალური საიტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგისაც ისეთი გაბრწყინების იმედი აქვს, როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა:

„ნაპოლიში“ ხვიჩას კვარაცხელიას გამოჩენისა და იტალიაში ჩამოსვლიდან 12 თვის შემდეგ გასულ კვირებში „ფროზინონემ“ ახალი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა: მოდი, უკეთ გავიცნოთ გიორგი კვერნაძე. 12 თვის წინ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს დასაპყრობად ემზადებოდა, რომელმაც 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული მსოფლიოს უჩვენა კლასი, ნიჭი, გოლები და საგოლე პასები. ქართველმა ფენომენმა „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა ოსიმენთან და თანაგუნდელებთან ერთად.

1 წლის შემდეგ იტალიაში ჩამოდის მისი თანამემამულე, დანიშნულების ადგილი „ფროზინონეა“. გიორგი კვერნაძე 20 წლის თავდამსხმელია, რომელიც ნიჭიერი და სწრაფია. ის ძირითადად მარცხენა გარემარბის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ საყვარელი, მარჯვენა ფეხის წყალობით გოლების გატანაც შეუძლია.

გიორგი „საბურთალოს“ აკადემიაში გაიზარდა, იჯარით ითამაშა „თელავშიც“. სამტრედიაში დაბადებული ტალანტის გზაზე იყო „დინამო ბათუმიც“, გუნდი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობდა. ორივე იტალიაში მას შემდეგ ჩამოვიდნენ, რაც ერთი და იმავე გუნდის მაისური ემოსათ. კვარაცხელიასთან შედარებით, კვერნაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია და ჯერჯერობით, 21-წლამდე ნაკრების წევრია.

მწვრთნელი დი ფრანჩესკო და „ფროზინონე“ მოუთმენლად ელიან მოედანზე გიორგი კვერნაძის ხილვას, რომელიც სერია A-ში თავისი თანამემამულის მსგავსად პირველივე სეზონში გაბრწყინების სურვილით ჩამოვიდა“, - წერს საიტი.

შეგახსენებთ, მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი კვერნაძემ ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ორი თამაში კი ტრავმის გამო გაუცდა. სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.115136